ჭავჭავაძის გამზირზე საპროტესტო აქცია დასრულდა. დემონსტრანტებმა ადგილი მანამდე დატოვეს, სანამ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი მოქმედებაზე გადავიდოდა და ნახევარ საათში ისევ ჭავჭავაძეზე, თუმცა აქსის ტაუერის მიმდებარედ გაჩერდნენ.
მათი გეგმით, აქცია ვაკის პარკში უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა შემდეგ დემონსტრანტების მცირე ჯგუფმა სვლა ყიფშიძის ქუჩისკენ განაგრძო.
ჭავჭავაძის მიმდებარედ სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა 07:18 საათისთვის გამოჩნდა. პოლიცია დაიძრა ქუჩის ზედა ნაწილიდან.
ამ დროს ჭავჭავაძის გამზირზე, სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ რჩებოდა აქციის რამდენიმე ათეული მონაწილე, რომლებიც სპეცრაზმთან მრავალსაათიანი დაპირისპირების შემდეგ რუსთაველის გამზირიდან ამ ადგილას დაახლოებით 05:30 საათისათვის მივიდნენ.
მათ ბარიკადები ააგეს და ცეცხლი დაანთეს. წყლის ჭავლის მანქანამ თავდაპირველად ცეცხლის ჩაქრობა დაიწყო. რამდენიმე წუთში აქციის მონაწილეები უკვე აღარ იყვნენ ჭავჭავაძის გამზირზე. მათ ტერიტორია სპეცრაზმის გამოჩენისთანავე დატოვეს მიმდებარე ქუჩებით.
ახლა სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიას თბილისის მერიის დასუფთავების სამსახური ალაგებს. მიდიან პოლიციელებიც, გაიყვანეს წყლის ჭავლის მანქანაც. საავტომობილო გზაზე მოძრაობა დაიწყო საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა.
2 დეკემბრის საღამოსა და 3 დეკემბრის ღამით მოვლენები წინა დღეებისგან განსხვავებულად განვითარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 21:45 საათზე - წინა დღეებთან შედარებით, უფრო ადრე - დაიწყო დემონსტრაციის ძალის გამოყენებით დაშლა. გამოიყენეს წყლის ჭავლი და ცრემლმდენი გაზი.
მანამდე, აქციის მონაწილეების შეკრებიდან რამდენიმე წუთში, დაახლოებით 19:30 საათზე, პარლამენტის შენობის ეზოდან, სახანძრო მანქანებიდან გამოიყენეს წყლის ჭავლი მომიტინგეების წინააღმდეგ.
სპეცრაზმის მხრიდან სპეციალური საშუალებების გამოყენების მიუხედავად, თბილისის ცენტრში პროევროპული აქცია გაგრძელდა.
აქციის მონაწილეების ძირითადი ნაწილი რუსთაველის გამზირზე იყო გამაგრებული. სპეცრაზმელები პერიოდულად მომიტინგეების მისამართით გაზის კაფსულებს ისროდნენ.
მოქალაქეთა კიდევ ერთი ჯგუფი კი სანაპიროდან მსვლელობით მივიდა თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიასთან. მათ ადგილზე სპეცრაზმის კორდონი დახვდათ და აღარ მიეცათ მოედნის მიმართულებით გზის გაგრძელების საშუალება.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ დღევანდელ ღამეს მოვლენები „შემაშფოთებლად განვითარდა“: „მშვიდობიანი დემონსტრაციები სულ ახალი დაწყებული იყო, როდესაც დარბევა დაიწყო“.
პრეზიდენტის შეფასებით, „ეს არის თავდასხმა გამოხატვის თავისუფლებასა და პროტესტის უფლებაზე“. „დარღვეულია ძირითადი უფლებები, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, თუ როგორ აპატიმრებენ და ეპყრობიან ადამიანებს დაკავებისას“, - წერს იგი პლატფორმა X-ზე.
ფორუმი