Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კედელზე მიმანარცხა და მერე თავში მირტყა“ - სალომე ზანდუკელის ცემის ამბავი


საილუსტრაციო ფოტო: სალომე ზანდუკელი
საილუსტრაციო ფოტო: სალომე ზანდუკელი

​​​​​​​საპროტესტო აქციების მონაწილე სალომე ზანდუკელს და მის მეგობარ ნათია არაბულს 1-2 დეკემბრის ღამით, გაქცევისას რამდენიმე სპეცრაზმელმა სცემა. გოგონებს ურტყეს თავში, წაართვეს მობილური, დაამტვრიეს ფრჩხილები და აგინეს.

რადიო თავისუფლებამ აქციის მონაწილეთა ცემისა და დაკავების ამბების შეგროვება დაიწყო. ამ სტატიაში სალომე ზანდუკელის და მისი მეგობრის ცემაზე გიყვებით.

სალომე ზანდუკელი სპეცრაზმმა 1-2 დეკემბრის ღამით, ბესიკის ქუჩაზე სცემა.

სალომე, როგორც წესი, წინა რიგებში დგას ხოლმე და წუხელ, 2 დეკემბრის ღამიათაც, თავის მეგობართან ერთად რუსთაველზე, საპროტესტო აქციის წინა რიგებში იდგა.

მეგობრებს ასეთი სტრატეგია ჰქონდათ - როცა გაზის კაფსულებს ისროდნენ, თავდასაცავად გვერდით ქუჩებს აფარებდნენ თავს, სადამდეც გაზი რთულად აღწევდა. ყველაზე ახლოს ბიზნესცენტრი იყო ბესიკის ქუჩაზე, სადაც აქციის სხვა მონაწილეები შერბოდნენ და როცა გასულ ღამით დაშლა დაიწყო, იქით გაიქცნენ.

„ინერციით გავყევით. კი ვიფიქრე, რომ იქ შესვლა არ იყო კარგი იდეა, მაგრამ იმ წამს ვერაფერი მოვიფიქრეთ. შევედით თუ არა, სპეცრაზმელებიც შემოვარდნენ“.

სალომეს ფეხიც დაუზიანდა
სალომეს ფეხიც დაუზიანდა

სალომე და ნათია კიბეებზე არბოდნენ, მათ წინ კი, აქციის მონაწილე ბიჭები მირბოდნენ. იფიქრეს, რომ იქნებ გოგოებს არაფერი დაგვიშაონ და ამასობაში, ბიჭებმა გაქცევა მოასწრონო და სპეცრაზმელების პირისპირ აღმოჩნდნენ.

„ალბათ, 20-25 რობოკოპი მოგვდევდა. რომ მოვტრიალდი, პირველი რაც მომაფიქრდა, ვიდეოს გადაღება დავიწყე, მაგრამ ამან ისე გააღიზიანა ერთ-ერთი, რომ მომვარდა და მობილური გამორთეო. რომ არ გამოვრთე, ხელიდან გამომგლიჯა, ძირს დააგდო, მე კი კედელს შემანარცხა. თან საშინლად უხამს სიტყვებს გვიყვიროდნენ. „ეს მუტ.... ები“ ვინ არიან... ამ ჭიდილში ფრჩხილებიც დამამტვრია“.

მერე სალომეს მეგობარს, ნათიასაც ხელი ჰკრეს. სალომე ზანდუკელი იხსენებს, რომ ნათია წაიქცა, ხელები, თავდაცვის მიზნით, თავზე შემოიდო.

„იმიტომ, რომ თავში გვირტყამდნენ. რამდენიმე სპეცრაზმელი, ორ გოგოს გვისწორდებოდა. ნაწილი ბიჭებს გაეკიდა და მათ რა დაემართათ, აღარ ვიცი. ვუყვიროდი, ჩემხელები ხართ, რა გჭირთ-მეთქი. არაფერმა გაჭრა. და რომ ვუთხარი, რას მირტყამ, შენი გაზრდილი ხომ არ ვარო, მიპასუხა, ჩემი გაზრდილი რომ არ ხარ, იმიტომაც გირტყამო“.

სალომე ზანდუკელი გვიყვება, რომ ამის შემდეგ ისინი შენობიდან გამოიქცნენ და რუსთაველის მასლობლად, ერთ-ერთ ბარს შეაფარეს თავი. თუმცა სამ-ოთხ წუთში უკვე მთელი გამზირი სპეცრაზმის ალყაში იყო და დარბევის შიშით, ბარში შუქი ჩააქრეს, კარი ჩაკეტეს და ტელევიზორი გამორთეს.

„იქ რომ შემოვარდნილიყვნენ, არ ვიცი, რა მოგვივიდოდა“, - გვიყვება სალომე ზანდუკელი.

2 დეკემბრის დილის მონაცემებით, შსს-ს ცნობით, ბოლო დღეების საპროტესტო აქციებზე დაკავებულია 224 ადამიანი. პოლიცია მათ ძირითადად წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას, დაუმორჩილებლობას ედავება. საქალაქო სასამართლოში სხდომები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს.

ნაცემთა და დაკავებულთა ისტორიები

რადიო თავისუფლებამ დაიწყო პროევროპული აქციის მონაწილეთა ცემისა და დაკავების ამბების შეგროვება:

„ოპერატორის თავზე რომ დახტიან, ასეთი რამ სამჯერ ვნახე იმ ღამეს“, - როგორ დააკავეს სვანიძეები
„ცხვირის და ყბის ძვლების, თვალბუდის მოტეხილობა და ტვინის შერყევა“ - დაკავებისას კიდევ ერთ დემონსტრანტზე იძალადეს
"თქვენ ხართ, ბიჭო, პატრიოტები? თქვენ ხომ ##აკში ###აური გევასებათ, ახლა ნახეთ, რას გიზამთო" - ლაზარე მაღლაკელიძე დაკავებისას ძალადობაზე
"ლოცვა დავიწყე და ორმაგად მცემა, აბა, თუ გიშველის ეგ ლოცვაო" - როგორ მოხვდა აქციაზე წასული ირაკლი ფიფია კლინიკაში
ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებულები - ვინ რა თქვა სასამართლო პროცესზე
"გემუქრებიან გაშიშვლებით, გაუპატიურებით, დუბინკებით, მაშხალებით" - ნოდარ აროშინაძის გზა აქციიდან კლინიკამდე
"საათი ამგლიჯეს და საყურე მომახიეს დაჭერისას" - მთარგმნელ დათა ხარაიშვილის დაკავების ამბავი
"აქციაზე დაკავებიდან მეორე დღეს მიგრაციის სამსახურიდან დამირეკეს" - გელა შიშობს, რომ საქართველოდან გაძევებას უპირებენ
"რევოლუციონერი ბიჭი დაუკავებიათ, გვითხარი რამდენი ფეიერვერკი და რამდენი ქვა ისროლეო" - ლუკა ძიძიგურის დაკავების ისტორია
„გადარჩენილი ვარ“ - ახალგაზრდა, რომლის ცემის კადრებმა აქციაზე უფრო მეტი ადამიანი გაიყვანა
„რამდენმა პოლიციელმაც დამინახა, ყველამ დამარტყა“ - როგორ ასამართლებენ აქციაზე დაკავებულებს
„რამდენჯერაც თავი ავწიე, იმდენი მუშტი მომხვდა“ - როგორ მოხვდა დაკავებული თორნიკე ბერაძე კლინიკაში
„კედელზე მიმანარცხა და მერე თავში მირტყა“ - სალომე ზანდუკელის ცემის ამბავი
„ფეხსაცმლის ლანჩებით მწიხლავდნენ. შემთხვევით გადავრჩი“ - გია ჯვარშეიშვილის ცემის ამბავი
ხელებშეკრულს მირტყამდნენ მუშტებს სახეში: ზვიად რატიანის ცემისა და დაკავების ამბავი

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

ფორუმი

XS
SM
MD
LG