Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკავებულია IDFI-ის იურისტი გიორგი დავითური


გიორგი დავითური, IDFI-ის იურისტი
გიორგი დავითური, IDFI-ის იურისტი

მედიისა და მოქალაქეების მიერ გადაღებულ ვიდეოებში ჩანს, რომ პოლიციამ მეტროსადგურ "რუსთაველის" მიმდებარედ აქციის დაშლისას ათობით მოქალაქე დააკავა, მათ შორისაა არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" იურისტი გიორგი დავითური. ის რამდენიმე პოლიციელმა მეტროსთან აიყვანა.

გამოცემა "პუბლიკის" მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, დაკავების მომენტში როგორ იყენებს პოლიცია წიწაკის სპრეის დემონსტრანტების წინააღმდეგ.

შსს-ს არ გაუვრცელებია ოფიციალური ინფორმაცია დაკავებულების ზუსტი რიცხვისა და სავარაუდო სამართალდარღვევების შესახებ.

2 დეკემბრის ღამეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დემონსტრანტების დაშლის განსხვავებულ ტაქტიკას მიმართა. ცრემლმდენი გაზის გამოყენებისა და გამოდევნების შემდეგ, რუსთაველის გამზირიდან უკანდახეულ აქციის მონაწილეებს პოლიციის მიერ გადაკეტილი დახვდათ რესპუბლიკის მოედანი და კოსტავას ქუჩა მეტროსადგურ "რუსთაველის" ზევით.

დემონსტრანტების ნაწილმა მეტრო „რუსთაველს“ შეაფარა თავი. მათ პოლიცია მეტროშიც დაედევნა. აქციის მონაწილეები დააკავეს რესპუბლიკის მოედნის მიმდებარედ. დაკავებულთა ზუსტი სტატისტიკა უცნობია.

სპეცრაზმელები განთავსდნენ რესპუბლიკის მოედანზე. ადგილზე მიიყვანეს წყლის ჭავლის მანქანაც. აქციის მონაწილეები მეტრო "რუსთაველის" მიმდებარედ პატარა ქუჩებზე გაიფანტნენ.

პოლიციელების ავტომობილებიდან ისმის მოწოდება: „ჩადით მეტროში".

დემონსტრანტთა ნაწილი დარჩა რუსთველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ პოლიციელები მეგაფონის გამოყენებით მოუწოდებდნენ, დაეტოვებინათ ტერიტორია.

აქციის დაშლის აქტიური ფაზა 2 დეკემბრის 02:00 საათიდან დაიწყო. შსს-მ გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლის მანქანა, წიწაკის სპრეი.

ამის შემდეგ, დილით 06:30 სთ-მდე, რუსთაველის გამზირის ორ მონაკვეთზე მომიტინგეებს აღმართული ჰქონდათ ბარიკადები, ანთებდნენ ცეცხლს და მათი მისამართით გასროლილ ცრემლმდენი აირის კაფსულებს პლასტმასის ბოთლებში აგროვებდნენ.

სპეცრაზმელები ცრემლმდენი გაზის გამოყენების პარალელურად აკავებდნენ დემონსტრანტების ნაწილს.

მანამდე სამი საათის განმავლობაში პოლიცია წყლის ჭავლს იყენებდა პარლამენტის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, რათა მათთვის ხელი შეეშალა, მიახლოებოდნენ პარლამენტის შენობას. პარლამენტის შენობიდან გამოტყორცნილი ჭავლი მიმართული იყო ასევე ჭიჭინაძის ქუჩაზე შეკრებილებისკენაც.

არჩევნების სადავო შედეგებთან დაკავშირებულმა საპროტესტო აქციებმა განსაკუთრებით მასშტაბური სახე მიიღო მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების გახსნის საკითხი, რაც აუცილებელი ეტაპია ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისთვის.

ფორუმი

XS
SM
MD
LG