უკრაინის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ საქართველოში მიმდინარე მოვლენები უკრაინის უახლეს ისტორიას შეადარა. მისი სიტყვები „ევროპეისკა პრავდას“ მოჰყავს.
„სამწუხაროდ ის, რასაც დღეს ვხედავთ საქართველოში, არის სწორედ უკრაინული სცენარი, მაგრამ სხვა ხალხისა“.
მან დასძინა, რომ ამჟამად საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიმართ თავის მცოცავ დათმობებს ნიღბავს დაპირებებით, რომ არ განმეორდება „უკრაინის სცენარი“ და ის გულისხმობს უკრაინაში რუსეთის შეჭრას.
„ივანიშვილი, ისევე როგორც მაშინ იანუკოვიჩი, ზუსტად იმავე სქემით თამაშობს. ზუსტად 11 წლის წინ, 2013 წლის ნოემბერში უკრაინაში დაიწყო ღირსების რევოლუცია, როცა იანუკოვიჩმა გამოაცხადა, რომ ხელს არ მოაწერს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რამაც ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია. მაშინ უკრაინელები ამბოხდნენ, არ დაუშვეს მათთვის თავისუფლების წართმევა და მათმა ბრძოლამ ისტორიის მსვლელობა შეცვალა,“ დაწერა კულებამ პარასკევს სოცქსელ X-ში.
მან აღნიშნა, რომ დღევანდელი სურათი ნათელია - „ჯერ გართმევენ თავისუფლებას, მერე გირტყამენ, მერე ქრება კეთილდღეობა, შემდეგ კი რუსეთი გყლაპავთ“.
კულებას თქმით, ქართველების ბრძოლა თბილისის ქუჩებში მეტია, ვიდრე პროევროპული ან პრორუსული პოზიციები, ესაა ბრძოლა თავისუფლად ცხოვრების ფუნდამენტური უფლებისთვის.
უკრაინის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველებს მოუწოდა იბრძოლონ და ხელისუფლებას არ მისცენ მათი მომავლის მოპარვის უფლება.
ფორუმი