„ჩიტაძის ქუჩაზე მარიამ გაფრინდაშვილი დააგდეს ძირს. ახლა ფიზიკურად უსწორდებიან სპეცრაზმის თანამშრომლები ჩვენს გადამღებ ჯგუფს. ფიზიკურ ძალადობას აქვს ადგილი. უშვერი სიტყვებით აგინებენ ჟურნალისტებს. სიგნალი გაგვეთიშა, რადგან გატაცებულია გადამღები ჯგუფი. არ ვიცით სად მიჰყავთ“, - თქვა საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა ეკო მაღრაძემ „პირველის“ ეთერში.
ტელეარხის ინფორმაციით, ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა.
მოგვიანებით „TV პირველს“ სასწრაფო დახმარების ჯგუფის ექიმმა უთხრა, რომ მარიამ გაფრინდაშვილს „სისხლნაჟღენთი აქვს საფეთქლის არეში“.
მეორე დღეა საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი ხალხმრავალი აქცია იმართება. ათასობით დემონსტრანტი რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ მეორე დღეა აპროტესტებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს 2028 წლამდე აჩერებენ.
29 ნოემბერს, ღამის ორი საათიდან, საქართველოს პარლამენტთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლა და მონაწილეთა დაკავება დაიწყო. შსს-ს თანახმად, „აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს“ და მონაწილეები სამართალდამცავებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
28-29 ნოემბრის ღამეს პოლიციამ 43 ადამიანი დააკავა, დაშავდა არაერთი. სამართალდამცავებმა იძალადეს და საქმიანობაში ხელი შეუშალეს 20-ზე მეტ ჟურნალისტს.
პოლიციამ დღესაც, 30 ნოემბერსაც დააკავა რამდენიმე ადამიანი. დაკავების დროს პოლიციელები აქციის მონაწილეებზე ძალადობენ.
ფორუმი