„პარტიები, ხალხი - ვისაც შეუძლია ფეხზე ადგეს და გამოვიდეს ქუჩაში. ან ჩვენ ახლა დავიცავთ სახელმწიფოს ან სახელმწიფო კი არა ამ ქვეყანაში ქართველი აღარ დარჩება. მოუწევს გაქცევა ძალიან ბევრ ადამიანს. მინდა მივმართო ყველას, საჯარო მოხელეებს, საქართველოს ყველა მოქალაქეებს, რომ დღეს ერთად უნდა გადავარჩინოთ ეს ქვეყანა“, - თქვა სალომე სამადაშვილმა „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების შემდეგ მიღებული არაკონსტიტუციური გადაწყვეტილებები „დააგვირგვინა ქვეყნის დასავლური კურსის ოფიციალური ცვლილებით“:
„გასაგებია, რომ ქვეყნის ინტერესებისთვის მოღალატეობრივი ამ ნაბიჯის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ამ უმძიმეს გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას ვერცერთი ამ ღალატში მონაწილე პირი ვერ გაექცევა“.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამიაც აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ უარს ამბობს ნატოსა და ევროკავშირზე:
„ველოდით იანუკოვიჩს. მივიღეთ იანუკოვიჩზე ბევრად უარესი. საქართველოს ხუნტამ, კობახიძის სახით, ღიად და ცალსახად უარი თქვა ევროკავშირზე და ნატოზე“.
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი თინა ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ არჩევანია ბრძოლასა და რუსეთთან ჩაბარებას შორის არის:
„ქართულ ოცნებად წოდებულმა რუსულმა კოშმარმა იცოდა, რომ ევროპარლამენტის უმძიმესი რეზოლუციის შემდეგ, ჩამოვიდოდა ევროკავშირის მისია, რომელიც გამოავლენდა, რომ 26 ოქტომბერს მათ ჩაატარეს რუსული სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ამიტომ დაასწრეს ამ გადაწყვეტილებას და თავად გაწყვიტეს ევროკავშირთან გაწევრიანების პროცესი“.
დღეს, 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ მისი მთავრობის კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადებიდან რამდენიმე საათში განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე. მისი თქმით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე არ იქნება მზად, დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ამ განცხადებამდე, ევროკავშირის წარმომადგენლებმა არაერთხელ თქვეს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას შეუჩერა საბიუჯეტო დახმარების დიდი ნაწილიც. მიზეზი „აგენტების კანონი“ და როგორც საქართველოს პარტნიორები ამბობენ, სხვა არაევროპული კანონებია.
ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებაზე უარის შესახებ პრემიერ ირაკლი კობახიძის ბრიფინგიდან რამდენიმე წუთში, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებოდ მიიწვია ორბელიანების სასახლეში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები. მისი განცხადებით, ელჩებს მან მიმართა, რომ „ახლავე მიიღონ ყველა ის გადაწყვეტილება რაც იყო ამდენ ხანს მისაღები“.
ფორუმი