500 ლარით დააჯარიმეს ილია სეთური, პარლამენტის ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით 10 ნოემბერს გამართული საპროტესტო აქცია-მსვლელობის ერთ-ერთი მონაწილე. ადმინისტრაციული სამართალწარმოება მის წინააღმდეგ მტკვრის მარცხენა სანაპიროს გადაკეტვის გამო დაიწყო.
გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ გამოაცხადა, სხდომა ერთს საათს გაგრძელდა.
შსს-ს იურისტებმა სასამართლოს მტკიცებულებად წარუდგინეს სამი ვიდეო, რომლებიც ტელეკომპანია "მთავარი არხის" პირდაპირი ეთერიდანაა მოჭრილი.
ამ ვიდეოში ისმის ჟურნალისტის ხმა, რომ პოლიციამ აქციის მონაწილეები გააფრთხილა, გზა გაათავისუფლონ, თუმცა ისინი ამას არ აპირებენ.
ამავე ვიდეოში ჟურნალისტის უკან ხალხის მასაში სხვებთან ერთად ჩანს ახალგაზრდა კაცი, რომელზეც შსს-მ მიუთითა, რომ ილია სეთურია. თავად სეთური ამბობს, რომ ვიდეოზე ის არაა გამოსახული, თუმცა აქციაზე ყოფნას არ უარყოფს. დარბაზში მყოფები მოსამართლის გადაწყვეტილებას შეხვდნენ შეძახილებით: "მონა, მონა".
ილია სეთურის დაჯარიმების შემდეგ, მისი მხარდამჭერები სასამართლოს ეზოში საპროტესტო აქციის გამართვას აპირებდნენ, რისი საშუალებაც დაცვამ არ მისცა - აუკრძალეს ბანერების გაშლა და ხმის გამაძლიერებლის გამოყენება, სასამართლოს ეზოდან გააძევეს და ჭიშკარი მიუხურეს.
აქტივისტებს მიუთითებდნენ, რომ შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის მიხედვით, მათ აქციის გამართვის უფლება აქვთ სასამართლოს შენობიდან 20 მეტრის დაშორებით.
აქტივისტებმა, ასევე "კოალიცია ცვლილებისთვის" წარმომადგენლებმა გელა ხასაიამ და საბა სხვიტარიძემ საპროტესტო აქცია სასამართლოს მიმდებარედ განაგრძეს.
მოსამართლე ცეკვავამ დღეს, 27 ნოემბერს 11 მოქალაქის იდენტური საქმეების განხილვა დაიწყო. განსხვავება მხოლოდ ადგილია - გზის გადაკეტვას 17 ნოემბრის აქციაზე ვარაზისხევზე მყოფ აქტივისტებსაც ედავებიან. განხილვა 11 დეკემბერს გაგრძელდება.
ფორუმი