ირანი 29 ნოემბერს თავის სადავო ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებებს გამართავს ევროპის სამ ქვეყანასთან, განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 24 ნოემბერს, რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც გაეროს ბირთვული ენერგეტიკის სააგენტომ მიიღო რეზოლუცია თეირანის წინააღმდეგ.
ირანმა ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და შეერთებული შტატების მიერ წარდგენილ რეზოლუციაზე რეაგირება მოახდინა სხვადასხვა ზომით. გავრცელებული ინფორმაციით, ამ ზომებშია ურანის გასამდიდრებელი მრავალრიცხოვანი, ახალი და უფრო დახვეწილი ცენტრიფუგების ამოქმედება.
იაპონიის საინფორმაციო სააგენტო Kyodo იყო პირველი, რომელიც იტყობინებოდა, რომ აღნიშნული შეხვედრა გაიმართება ჟენევაში. სააგენტოს თანახმად, ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის მთავრობა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იანვარში ინაუგურაციის წინ, ბირთვული ჩიხიდან გამოსავალს ეძებს.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ესმაილ ბაგაიმ მოგვიანებით განაცხადა, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები და ევროპის სამი ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას მოლაპარაკებებში, რომლებიც შეეხება რეგიონულ საკითხებს და ასევე ბირთვულ თემას.
2018 წელს მაშინდელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ს ცალმხრივად დაატოვებინა 2015 წლის საერთაშორისო ბირთვული ხელშეკრულება. ირანსა და გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს, ასევე გერმანიას შორის მიღწეული ეს შეთანხმება გულისხმობდა ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვის საპასუხოდ ირანისთვის დაწესებული სანქციების შერბილებას. აშშ-ის ამ ნაბიჯის საპასუხოდ ირანმა შემდგომ განაახლა ურანის ეტაპობრივი გამდიდრება.
ფორუმი