Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ომში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი შესაძლოა რიჩარდ გრენელი გახდეს


ტრამპის პირველი ვადის განმავლობაში გრენელი ასევე იყო პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სერბეთსა და კოსოვოს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხში
ტრამპის პირველი ვადის განმავლობაში გრენელი ასევე იყო პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სერბეთსა და კოსოვოს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხში

უკრაინის ომში სპეციალურ წარმომადგენლად აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შესაძლოა დაზვერვის ყოფილი უფროსი რიჩარდ გრენელი დანიშნოს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ოთხ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

ტრამპის პირველი ვადის განმავლობაში გრენელი ასევე იყო აშშ-ის ელჩი გერმანიაში და პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სერბეთსა და კოსოვოს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების საქმეში. 2024 წლის ზაფხულში გრენელი მხარს უჭერდა უკრაინაში "ავტონომიური ზონების" შექმნას ომის დასრულების მიზნით. მან ასევე განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში მხარს არ დაუჭერს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას.

ამჟამად უკრაინის ომში სპეციალური დესპანის თანამდებობა არ არსებობს. ტრამპის შტაბის სპიკერმა კაროლინ ლევიტმა უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე ასეთი პოსტის შესაძლო შექმნისა და მასზე გრენელის დანიშვნის შესახებ. თავად გრენელმა, რომელიც ადრე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე მთავარ პრეტენდენტად ითვლებოდა, Reuters-ის კითხვებს არ უპასუხა.

19 ნოემბერს, 1000 დღე გავიდა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან.

15 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ის მომავალი ადმინისტრაციის დროს, რომელსაც ხელმძღვანელობს არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, "ომი უფრო სწრაფად დასრულდება".

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელსაც ოპონენტები რუსეთის პრეზიდენტ პუტინისადმი დადებით დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ, არაერთხელ უთქვამს, რომ უკრაინაში ომის სწრაფად დასრულება შეუძლია, თუმცა კონკრეტული გეგმა არ წარუდგენია.

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო შეერთებულმა შტატებმა უკრაინას უკვე 55 მილიარდ დოლარზე მეტის სამხედრო დახმარება გაუწია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG