ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, უკრაინა მიიღებს კიდევ 275 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას. ამის შესახებ 20 ნოემბერს განაცხადეს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა.
სამხედრო დახმარების ახალ პაკეტშია მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა HIMARS-ის საბრძოლო მასალები, 155 და 105-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვები, F-16 ტიპის გამანადგურებლებისთვის საჭირო ელექტრომოწყობილობები, საბრძოლო მასალები ტანკსაწინააღმდეგო სისტემებისთვის TOW, ტანკსაწინააღმდეგო სისტემები Javelin და AT-4, უპილოტო საფრენი აპარატები და სხვა საბრძოლო საშუალებები.
დემოკრატი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აპირებს არჩეული პრეზიდენტის, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე დახარჯოს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გასაწევად უკვე გამოყოფილი შვიდ მილიარდ დოლარზე მეტი. ტრამპის ინაუგურაცია 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება.
პენტაგონის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2024 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია დაახლოებით 60,7 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.
პრეზიდენტად არჩევამდე დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას აკრიტიკებდა უკრაინისთვის მასშტაბური სამხედრო დახმარების გაწევისთვის.
ფორუმი