Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გოგა მემანიშვილმა სილა გამაწნა, ჩემი დაკავებაც უნდოდათ“ - რას იხსენებს აქციაზე დაშავებული კაცი


ნიკა კვიტატიანი, პარტია "ახლის" პოლიტსაბჭოს წევრი. 19 ნოემბერი
ნიკა კვიტატიანი, პარტია "ახლის" პოლიტსაბჭოს წევრი. 19 ნოემბერი

19 ნოემბერს, აქციის დაშლისას, დაშავებულმა ნიკა კვიტატიანმა, პარტია "ახლის" პოლიტსაბჭოს წევრმა, კლინიკა ცოტა ხნის წინათ დატოვა.

როგორც ის რადიო თავისუფლებას უყვება, შეუძლოდ მაშინ გახდა, როდესაც სამართალდამცავები ცდილობდნენ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას:

„შეხლა-შემოხლა რომ დაიწყო, მეც იქვე აღმოვჩნდი. თირკმლის არეში ვიგრძენი ძლიერი დარტყმა, სუნთქვა შემეკრა და ცუდად გავხდი. სასწრაფო დახმარებამ გადამიყვანა კლინიკაში, სადაც რამდენიმე საათი გავატარე.

თუმცა სანამ ეს მოხდებოდა, ცოტა ხნით ადრე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, გოგა მემანიშვილმა, სახეში გამარტყა ხელი. ეს ფაქტი გარშემო ხალხმა დაინახა და მემანიშვილს მოუწია იმ ტერიტორიის დატოვება. სავარაუდოდ, გადაწყვეტილი ჰქონდათ ჩემი დაკავებაც, მაგრამ იმ მომენტში არ გამოუვიდათ. ხალხის დახმარებით გადავრჩი“, - იხსენებს ნიკა კვიტატიანი 19 ნოემბრის დილას მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს.

როგორც ნიკა კვიტატიანი უყვება რადიო თავისუფლებას, მასთან ერთად კლინიკაში გადაიყვანეს აქციის კიდევ ერთი მონაწილე, ახალგაზრდა ქალი, რომელსაც, სავარაუდოდ, სამართალდამცავების მიერ გაშვებული ე.წ. წიწაკის სპრეი შეესხა სახეში.

19 ნოემბერს დილით, საპოლიციო ძალებმა საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც 17 ნოემბრიდან იყო გადაკეტილი.

აქციის მონაწილეებს, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ, ამ ტერიტორიაზე კარვები ჰქონდათ გაშლილი.

საპოლიციო ძალები ჭავჭავაძის გამზირზე 19 ნოემბერს, დაახლოებით დილის შვიდი საათისთვის მივიდნენ. პარალელურად შსს-მ განაცხადა, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა.

შსს-ს თანახმად, შეკრების მონაწილეებს აზრის და პროტესტის გამოსათქმელად საკმარისი დრო მიეცათ, ამიტომ ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის, კომუნალური სერვისების ნორმალურად ფუნქციონირებისა და მოქალაქეთა ცხოვრების ჩვეული რიტმის უზრუნველსაყოფად აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, ტერიტორია კონსტრუქციებისგან გაათავისუფლონ.

ოპოზიციის ლიდერებმა საპროტესტო აქციის შეწყვეტაზე უარი თქვეს.

პოლიციამ ტერიტორიიდან კარვები აიღო და აქციის მონაწილეები იძულებით გაიყვანა მელიქიშვილის გამზირისკენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა (მუხლი 173) და წვრილმანი ხულიგნობისთვის (მუხლი 166) 19 ნოემბერს დაკავებულია 16 პირი. მათგან სამი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

ამ დროისათვის საპროტესტო აქცია კვლავ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ვარაზისხევის, ჭავჭავაძის გამზირის, კეკელიძისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაზე გრძელდება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG