18 ნოემბერს, ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებენ.
საბჭოს დღის წესრიგში პირველ საკითხად უკრაინა და მის მიმართ განხორციელებული რუსული აგრესიაა, მეორე საკითხად კი საქართველო.
საგარეო საქმეთა საბჭო ბრიუსელში, 18 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 9:30 საათზე დაიწყება და მას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეპ ბორელი უხელმძღვანელებს.
განსახილველი თემები მოიცავს ნაბიჯებს, რომელიც გადაიდგმება საქართველოს მიმართ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ შექმნილი ვითარების ფონზე და იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო მინისტრებთან შეხვედრებს გამართავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავაც, რომელიც აცხადებს, რომ „მიტაცებული არჩევნების საერთაშორისო ლეგიტიმაციის არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნება დღეს ბრძოლის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია“:
„ვიბრძვით ცესკოში, ვიბრძვით საერთაშორისო ასპარეზზე, ვიბრძვით სასამართლოში და ვიბრძვით ქუჩაში“, - აცხადებს თინა ბოკუჩავა.
კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერმა სალომე სამადაშვილმა კი განაცხადა, რომ ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ვრცელი წერილით მიმართეს.
"ხვალ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ საქართველოზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ბევრ რამეს განსაზღვრავს სამომავლოდ. ოთხმა გამარჯვებულმა პარტიამ ერთობლივი, ოფიციალური და ვრცელი წერილით მივმართეთ მათ. მოვუწოდეთ, მხარი დაუჭირონ ქართველი ხალხის ისტორიულ ბრძოლას დემოკრატიის გადასარჩენად ჩვენს ქვეყანაში. მნიშვნელოვანია, ხალხმაც იგივე გზავნილი გააგონოს ევროპას რუსთაველიდან დღეს საღამოს! ბევრნი უნდა ვიყოთ!", - წერს სალომე სამადაშვილი ფეისბუკზე.
უკრაინის და საქართველოს გარდა, ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების განსახილველ თემებს შორის არის ევროკავშირი-აშშ ურთიერთობები, აშშ-ს 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების გათვალისწინებით. ასევე, მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში.
ფორუმი