Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

16 ნოემბერს ცესკოს სხდომა დაინიშნა, დღის წესრიგი ჯერ ცნობილი არ არის


ცესკო - საილუსტრაციო ფოტო
ცესკო - საილუსტრაციო ფოტო

ხვალ, 16 ნოემბერს 11:00 საათზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ცესკოში დაუდასტურეს. სხდომის დღის წესრიგი, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის, თუმცა უწყებაში ამბობენ, რომ მას მოგვიანებით გაავრცელებენ.

ცესკოში სხდომის დანიშვნის შესახებ "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა პარტია "ლელოს" წევრმა, გიორგი სიორიძემ. მან თქვა, რომ დღეს, ცოტა ხნის წინ მიიღო შესაბამისი შეტყობინება.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დღის წესრიგი ცნობილი არაა, საქმე ეხება საპარლამენტო არჩევნების შედეგების შეჯამებას.

"რამდენიმე წუთის წინ მოვიდა შეტყობინება იმასთან დაკავშირებით, რომ ხვალ, 11:00 საათზე არის სხდომა. აი, ამ ფაქტითაც ჩანს, რეალურად, აქ არანაირი სიჩქარის საფუძველი არ არსებობდა. შესაძლებელი იყო, რომ წინასწარვე ყოფილიყო ცნობილი სხდომის ჩანიშვნის შესახებ. ეს მოხდა განგებ, გვიან საღამოს, რათა მოულოდნელი ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს შეტყობინებაში დღის წესრიგის პროექტი არ არის მოცემული, ბუნებრივია, აქ არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობს, რომ საქმე ეხება არჩევნების შედეგების შეჯამებას ცესკოში, ბეჭდის დარტყმას, რომელსაც ცესკო, "ქართული ოცნების" "ნოტარიუსი" აპირებს", - თქვა მან.

სხდომის პარალელურად, ცესკოს შენობასთან საპროტესტო აქცია დაინიშნა.

პროტესტი მიმდინარეობს თბილისისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებში. 15 ნოემბერს, საღამოს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან ათეულობით პოლიციელი გამწესდა. ისინი ამ დრომდე [22:21] დგანან უნივერსიტეტის შესასვლელთან და ახალგაზრდებს შიგნით შესვლის შესაძლებლობას არ აძლევს.

15 ნოემბერს კიდევ ერთი აქცია ფეისბუკჯგუფ „დაიტოვეს“ ორგანიზებით დაიგეგმა. აქციის მონაწილეები ჯერ პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, მას შემდეგ კი, რაც გაიგეს, რომ ახალგაზრდების ნაწილს არ უშვებდნენ თსუს შენობაში, მსვლელობით უნივერსიტეტის ეზოში გადაინაცვლეს.

აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს მმართველმა პარტიამ ცესკოს დახმარებით არჩევნები გააყალბა და ამ გზით ცდილობს ხელისუფლებაში მეოთხე ვადით დარჩენას.

სტუდენტების აქცია იმართება ბათუმში, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაშიც. მათი აზრითაც, არჩევნები გაყალბდა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდა - ოპოზიციური პარტიები და საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ, არ აღიარებენ და მოითხოვენ ახალ არჩევნებს, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რჩება მეოთხე ვადით. ამ არჩევნებზე მოსახლეობის 90-მა პროცენტმა ხმა ელექტრონული სისტემების გამოყენებით მისცა - ელექტრონულ უბნებზე ხმის ფარულობის უფლების დარღვევა ამ არჩევნების ერთ-ერთი მთავარი იდენტიფიცირებული პრობლემაა.

არჩევნების დარღვევების გამოძიების საჭიროებაზე საუბრობენ საქართველოს პარტნიორებიც დასავლეთში. საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნის პარალელურად, არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიებას ცესკოს მოთხოვნით აწარმოებს საქართველოს პროკურატურა. ამ საქმეზე უკვე გამოიკითხნენ ოპოზიციის ლიდერები, გამოძიებას უნდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოკითხვაც.

ფორუმი

XS
SM
MD
LG