Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცედურა არ შედგა


ადგილობრივი მედიის თანახმად, "საპროტესტო აქციაზე ხალხი დილიდან იკრიბებოდა რუსეთისა და აფხაზეთის დროშებით".
ადგილობრივი მედიის თანახმად, "საპროტესტო აქციაზე ხალხი დილიდან იკრიბებოდა რუსეთისა და აფხაზეთის დროშებით".

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტში ჩაიშალა სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცედურა. ე.წ. დეპუტატმა ერიკ რშტუნმა განაცხადა, რომ საკითხის დღის წესრიგში შეტანას "დეპუტატების" არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი და სესია არ შედგა.

ე.წ. პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია იმართება სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების წინააღმდეგ - მისი განხილვა დღეისთვის იყო დაგეგმილი. მომიტინგეები იმ "დეპუტატების" სიას ითხოვენ, რომლებიც დღევანდელ სესიაზე არ გამოცხადდნენ.

ადგილობრივი მედიის თანახმად, "საპროტესტო აქციაზე ხალხი დილიდან იკრიბებოდა რუსეთისა და აფხაზეთის დროშებით". ისმოდა შეძახილები: არ გაყიდოთ ქვეყანა, არ ჩაიდინოთ ღალატი. ე.წ. პარლამენტის შენობასთან სამართალდამცველებმა სატვირთო ავტომობილების კოლონა ჩააყენეს და ჟურნალისტებს შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ.

ადგილობრივი ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ადგურ არძინბა მანამდე აცხადებდა, რომ ე.წ. დეპუტატების ჯგუფი სპიკერისგან მოითხოვდა, რომ რატიფიცირების საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილიყო. საკითხის გადაწყვეტამდე მომიტინგეები დაშლას არ გეგმავდნენ.

აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება ხელშეკრულებას ეკონომიკის სტიმულირების საშუალებად თვლის, ხოლო ოპონენტებისთვის ეს აფხაზეთის ინტერესების დათმობის ტოლფასია.

ხელშეკრულების რატიფიცირების შემდეგ, რუს ინვესტორებს მიენიჭებათ მრავალი სახის პრივილეგია, მათ შორის საგადასახადო პრივილეგიები და შესაძლებლობა, რომ მიწაც ჩაიგდონ ხელში. ოკუპირებულ ტერიტორიაზე შიშობენ, რომ რუსი ინვესტორების პრივილეგიები კონკურენციას მოსპობს და ადგილობრივ ბიზნესს გაანადგურებს

„ამ ხელშეკრულებით ჩვენ თავს გვახვევენ იდეას, აითვისონ აფხაზეთი მისი მოქალაქეების გარეშე. ბანკის ფილიალის გახსნაც კი არის გათვალისწინებული, ანუ ეს რაღაც პარალელური ეკონომიკა იქნება რუსული ინტერესებით, რუსული ბანკით“, - აცხადებს ეკონომისტი ახრა არისტავა იუტუბარხ Apsny Habar-თან ინტერვიუში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG