Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია


ავტორი: დავით ჯინჭარაძე

სკოლიდან პოლიტიკურ ტრიბუნამდე, დამრიგებლებიც და პოლიტიკოსებიც ხშირად იხსენებდნენ დიდგორის ბრძოლას, 300 არაგველს და საქართველოს ისტორიიდან სხვა ეპიზოდებს, რომლებიც ჩვენი ხალხის უშიშრობასა და მამაცობაზე მეტყველებდნენ. ირონიულია, მაგრამ ბუნებრივიც, რომ ქვეყანაში, სადაც გმირობა ასე ფასობს, ომის შიშმა არჩევნებზე ნაწილობრივ იმოქმედა.

მხოლოდ ომის შიში ვერ ახსნის ,,ქართული ოცნების’’ 1.1 მილიონ ხმას. მართალია, შიშმა იმოქმედა ამომრჩევლის ნაწილზე, მაგრამ ამ ხმების მისაღწევად გაყალბების სქემა იყო საჭირო, რომელზეც საზოგადოების წევრებმა უკვე ბევრი ისაუბრეს. ჩემი დაკვირვებით, ,,ქართული ოცნების’’ მიერ შიშის გამოყენების ძირითადი მიზეზი არჩევნების შემდეგი სიტუაციის მართვაა. ზუსტად შიშის პროპაგანდა და უიმედობაა მიზეზი, რატომაც ბევრი ვერ იჯერებს, რომ ,,მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია“.

პოლიტიკოსების მიერ შიშის გამოყენება არახალია. ,,შიშის პოლიტიკაში“ სოციოლოგი ფრანკ ფურედი ამბობს, რომ თანამედროვე საზოგადოება ცდილობს, რაიმე ცუდის მოხდენის რისკი თავიდან ნებისმიერ ფასად აიცილოს. ეს ნიშნავს, რომ უსაფრთხოება და შეზღუდვების მოთმენა უფრო ფასობს, ვიდრე თავისუფლება. პოლიტიკოსებიც იყენებენ საზოგადოების ამ თვისებას და ხან ომით გვაშინებენ, ხან ტერორიზმით და ხან - მშვიდობიანი აქციებითაც კი. შიშის პოლიტიკა დროთა განმავლობაში ანაწევრებს სამოქალაქო საზოგადოებას, თესავს უნდობლობას და ადამიანს თანაგრძნობის უნარს უქვეითებს. შეშინებული ადამიანი მიზეზს ეძებს ყველგან და განტევების ვაცსაც პოულობს, რათა საკუთარი შიდა მშვიდობა შეინარჩუნოს.

საქართველოსნაირ ქვეყანაში შიშის პოლიტიკა კარგად მუშაობდა არჩევნებამდეც და მუშაობს ახლაც. ჩვენს საზოგადოებაში ბევრი ადამიანი სამყაროზე კონტროლს ზებუნებრივ ძალებს ან სხვა სახელმწიფოებს მიაწერს. ხშირად გაიგებთ ფრაზას, რომ არსებული ვითარება მაშინ დალაგდება, როცა ამერიკა და რუსეთი მოითათბირებენ. არ აქვს მნიშვნელობა, ვის მიაწერს ადამიანი კონტროლს - არმაზს, თეთრ გიორგის, ამერიკას, თუ გლობალური ომის პარტიას. თუ ადამიანს სჯერა, რომ მის ბედს სხვა აკონტროლებს, მარტივია ის დააშინო და იმ დღეს, როცა არჩევანი უნდა გააკეთოს, მან უარი თქვას ცვლილებაზე და კონტროლის საკუთარ ხელში დაბრუნებაზე. არჩევნების შემდეგ კი ასეთი ადამიანი ელოდება ვინმე სხვას ,,ზემოდან’’. როცა ვინმე ,,ზემოდან“ არ ჩამოდის მხსნელად, ამ ადამიანების ყველაზე დიდი შიშები რეალობად იქცევა. როცა ადამიანი სწავლობს, რომ ის თვითონ არის საკუთარი ბედის მმართველი, შიშთან გამკლავებაც გაცილებით უფრო მარტივია.

ბუნებრივია, ომის და არეულობის შიშმა დიდი როლი ითამაშა საარჩევნო კამპანიაშიც, მაგრამ ის არგუმენტი, რომ ,,ქართულმა ოცნებამ’’ ხმების 53%-ს ომის შიშით მიაღწია, რბილად რომ ვთქვათ, არადამაჯერებელია. 127 სხვადასხვა კვლევის ანალიზმა უჩვენა, შიშს ადამიანის ქცევაზე საშუალო (და არა დიდი) გავლენა აქვს. შესაბამისად, მხოლოდ შიში ვერ ახსნის ,,ქართული ოცნების’’ 1.1 მილიონ ხმას. შიშის ეფექტი ხმების რაოდენობაში რომ გადავთარგმნით, სავარაუდოდ ,,ქართულ ოცნებას’’ გადაუწყვეტელი მოსახლეობის 3-5%-ის გადმობირება შეეძლებოდა, რაც ახლოსაც კი არაა ივანიშვილის პარტიის მიერ მოპოვებული ხმების რაოდენობასთან. ამიტომ, ვვარაუდობ რომ ხელისუფლების მიერ ჩანერგილი ომის შიში არჩევნების შემდეგი პერიოდისთვის იყო საჭირო. დღეს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი უიმედოდ, უსუსურად და დამარცხებულად გრძნობს თავს. შიშის და უიმედობის განცდაში მყოფ ადამიანს შველად მხოლოდ ,,ზემოთ’’ ამბის გადაწყვეტა მიაჩნია. დღეს ომის შიში ჩაანაცვლა არეულობის და ცვლილების შიშმა.

რეალობა კი ისაა, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. რომც არ არსებობდეს ომი უკრაინაში ან 2028 წლისთვის დამთავრდეს უკრაინისა და თავისუფალი სამყაროს სასარგებლოდ, ომის შიშს სხვა შიში ჩაანაცვლებს. გლობალური ომის პარტიას ჩაანაცვლებს სხვა ,,ბუა“. დღეს უნდა დავიჯეროთ, რომ მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია. მშვიდობიანი რევოლუცია იყო 1989 წლის ხავერდოვანი რევოლუცია ჩეხოსლოვაკიაში, სადაც ხალხის უპრეცედენტო მობილიზებამ კომუნისტური ხელისუფლების ცვლილება გამოიწვია. უდიდესი მობილიზების მაგალითი იყო ბალტიისპირეთში შეკრული ცოცხალი ჯაჭვი 1989 წელსაც და რაც ჩვენთვის ყველაზე ახლოა, ასეთი იყო 2003 წლის ვარდების რევოლუციაც. ალბათ, ამ რევოლუციებამდე რამდენიმე თვით ადრე, მოვლენების მონაწილეების გარკვეულ ნაწილსაც არ სჯეროდა რომ გაიმარჯვებდნენ.

ამიტომ, მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია - შესაძლებელია მაშინ, როცა ადამიანი საკუთარ ძალას ირწმუნებს.

ფორუმი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG