Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი სირიაში სამხედრო ობიექტების დაბომბვას იტყობინება. სირიის თანახმად, დაიღუპა 15 ადამიანი


ისრაელმა დაბომბა დამასკის გარეუბანი მაზეჰი. ომის მეთვალყურეთა თანახმად, რაიონში საცხოვრებელი სახლების დაბომბვას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. დამასკი, 14 ნოემბერი, 2024.
ისრაელმა დაბომბა დამასკის გარეუბანი მაზეჰი. ომის მეთვალყურეთა თანახმად, რაიონში საცხოვრებელი სახლების დაბომბვას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. დამასკი, 14 ნოემბერი, 2024.

ისრაელის მიერ დამასკში საცხოვრებელ სახლებზე განხორციელებული დარტყმების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, იტყობინება სირიის სახელმწიფო მედია. ისრაელმა განაცხადა, რომ იერიშების სამიზნე იყო სამხედრო ობიექტები და დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ შტაბ-ბინები.

ისრაელის იერიშები განხორციელდა მაზეჰისა და ყუდსაიის რაიონებში. ორივე მდებარეობს სირიის დედაქალაქის დასავლეთ ნაწილში. ამის თაობაზე ინფორმაციას სირიის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს სირიის საინფორმაციო სააგენტო SANA.

ისრაელი წლების განმავლობაში ახორციელებს იერიშებს ირანთან დაკავშირებულ სამიზნეებზე სირიაში. მაგრამ რეიდები უფრო ინტენსიური გახდა მას შემდეგ, რაც შარშან 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელს თავს დაესხა პალესტინური რადიკალური დაჯგუფება ჰამასი, რომელსაც ირანი უჭერს მხარს. შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში ჰამასი ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული.

Reuters-ის თანახმად, ცნობილია, რომ მაზეჰში ცხოვრობენ ლიბანის შეიარაღებული დაჯგუფება ჰეზბოლასა და ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურები. ამის შესახებ იტყობინებიან ამ რაიონში მცხოვრებნი, რომლებმაც სახლები მიატოვეს მას შემდეგ, რაც ისრაელის თავდასხმებს ემსხვერპლნენ ამ ორი დაჯგუფების საკვანძო მნიშვნელობის პირები.

მაზეჰის მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებს წარსულში იყენებდნენ პალესტინური დაჯგუფებების, მათ შორის ჰამასისა და „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერების განსახლებისთვის.

ფორუმი

XS
SM
MD
LG