აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფლორიდის შტატიდან რესპუბლიკელი სენატორი, მარკო რუბიო წარადგინა სახელმწიფო მდივნის პოსტზე.
რუბიო "იქნება ჩვენი ქვეყნის ძლიერი დამცველი, ჩვენი მოკავშირეების ნამდვილი მეგობარი და უშიშარი მებრძოლი, რომელიც არასდროს დაიხევს უკან ჩვენს მეტოქეებთან" - ამბობს ტრამპი 13 ნოემბრის განცხადებაში.
ოფიციალურ განცხადებამდე პრესაში უკვე გავრცელებული იყო ინფორმაცია, რომ ტრამპმა სახელმწიფო მდივნის პოსტისთვის შეარჩია მარკო რუბიო - რომელიც სენატის სადაზვერვო კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილე და სენატის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის წევრია.
რუბიო პლატფორმაზე X წერს, რომ მისთვის პატივია პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან გამოცხადებული ნდობა, და რომ იგი ყოველდღიურად იმუშავებს ტრამპის საგარეო პოლიტიკის პროგრამის განსახორციელებლად. ტრამპის ლიდერობის პირობებში "ჩვენ მოვიტანთ მშვიდობას სიძლიერით და ამერიკელების და ამერიკის ინტერესებს ყოველთვის ყველაფერზე წინ დავაყენებთ" - წერს რუბიო.
რუბიოს კანდიდატურის დამტკიცებას სენატის თანხმობა დასჭირდება - სადაც რესპუბლიკელებს უმრავლესობა ექნებათ ახალ კონგრესში.
მარკო რუბიო ჩინეთისა და ირანისადმი მკაცრი პოზიციითაა ცნობილი.
რუბიოს ბოლო პერიოდის ინტერვიუებში არაერთხელ უთქვამს, რომ უკრაინაში ომის დასრულების გზად მიიჩნევს მოლაპარაკებას, რომლისთვისაც კიევს უნდა ჰქონდეს ზემოქმედების რაც შეიძლება მეტი ბერკეტი. 2024 წლის თებერვალში მარკო რუბიო იყო იმ რესპუბლიკელ სენატორებს შორის, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს უკრაინისთვის 60 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების გაწევას.
ფორუმი