ნახევარსაათიანი შესვენების შემდეგ სხდომა მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდა.
პირველ მტკიცებულებებს დარბაზში მიტანილ ეკრანზე წარადგენს მოსარჩელე კოალიცია "ძლიერი საქართველო".
საიას წარმომადგენელმა მოსამართლე ივერი აბაშიძეს აჩვენა ის ვიდეოები, სადაც, მოსარჩელის არგუმენტით, ფარულობის უფლება დარღვეულია.
მოსარჩელეები ვერ წარადგენენ იმ მტკიცებულებებს, რომლებიც საქმეს ლინკებად ახლავს, რადგან სასამართლო დარბაზში ინტერნეტი არ არის. თუმცა ეს მტკიცებულებები საქმეში დევს და მოსამართლეს მასზე ხელი მიუწვდება.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" წარადგინა 50-წუთიანი ვიდეომასალა, სადაც ჩანს ორი საარჩევნო ყუთი და ერთი ყუთის ზედამხედველი, რომელიც ამომრჩევლების ნაცვლად აცურებს ყუთში ბიულეტენს და ეს ხდება სისტემატურად.
ცესკოს წარმომადგენელი გიორგი სანტურიანი ვიდეოს წარმომავლობით დაინტერესდა.
"ქართული ოცნების" კამერაა", - უპასუხა ენმ-ის წარმომადგენელმა ლილე ლიპარტელიანმა.
გიორგი სანტურიანი პასუხად: "თავად თქვენ ხომ არ გადაიღეთ და ამბობთ, ოცნებამ გადაიღოო? აბა როგორ მოგცეს".
"ნაცნობ-ახლობლობით, გვყავს წყაროები და წარვადგინეთ მტკიცებულება, რა გინდათ", - პასუხობს ენმ-ის წარმომადგენელი.
მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელეების შუამდგომლობა სმარტმატიკთან გაფორმებული ხელშეკრულებებისა და მიღება-ჩაბარებების სასამართლოში წარდგენის შესახებ, ცესკოს წარმომადგენელმა გიორგი სანტურიანმა მოსარჩელეებს პროცესზე აჩვენა სატენდერო საიტზე გახსნილი დოკუმენტაცია, სადაც მისი თქმით, მიღება-ჩაბარებებიცაა ატვირთული.
"მართალია სასამართლო არ გვთხოვს, მაგრამ ხალხი უყურებს პროცესს და აი, გაჩვენებთ", - თქვა სანტურიანმა.
ფორუმი