ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას თქმით, მათ მოიპოვეს მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც ცესკომ „სმარტმატიკის“ ბრენდირებული მარკერები წინა დღით ჩაანაცვლა არაბრენდირებული მარკერებით.
ისინი სასამართლოზე ამ მტკიცებულების წარდგენის შუამდგომლობას დააყენებენ.
„ნაციონალური მოძრაობა ითხოვს ყველა საოლქო კომისიის შემაჯამებელი ოქმების ბათილობას. შესაბამისად, 27 ოქტომბრის საარჩევნო შედეგების სრულად ბათილობას, რადგან ადგილი ჰქონდა სამი კონსტიტუციური პრინციპის: ფარულობის, თავისუფალი ნების და საყოველთაობის ყველა უბანზე ტოტალურად დარღვევას.“
„ამასთან ერთად, ჩვენ წარმოვადგენთ ძალიან მნიშვნელოვან მტკიცებულებებს, მათ შორის იმას, რომ ცესკო-მ სრულიად უკანონოდ და საკონტრაქტო პირობების დარღვევით „სმარტმატიკის“ ბრენდირებული მარკერები წინა დღით ჩაანაცვლა არაბრენდირებული მარკერებით, რომელსაც მტკიცებულების სახით წარვადგენთ დღეს სასამართლოში სხვა მტკიცებულებებთან ერთად. [არაბრენდირებული მარკერები] ტოვებდა იმ კვალს, რის საფუძველზეც ილახებოდა ფარულობის და შესაბამისად, თავისუფალი ნების გამოხატვის პრინციპები, რაც გახდა სწორედ მასობრივი კონსტიტუციური პრინციპების დარღვევის საფუძველი.“
„დღეს, მოსამართლე ივერი აბაშიძეს აქვს შესაძლებლობა, რომ დადგეს ქართველი ხალხის მხარეს, დაიცვას კანონი და საქართველოს კონსტიტუცია ან მიტაცებული არჩევნების გამართლების პოლიტიკური დავალება შეასრულოს. ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის მიტაცების მცდელობა და ივანიშვილის სხვა პაიკებთან ერთად მას შეუძლია საქართველოს უახლეს ისტორიაში შევიდეს ან ისტორიის ნათელ მხარეს, სადაც დაიცავს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას, კანონს და ქვეყნის ევროპულ მომავალს ან დაეხმაროს ივანიშვილს მოპარული არჩევნების მიტაცებაში“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
საიამ სასამართლო პროცესზე საქმის გამოყოფის შუამდგომლობა დააყენა, არგუმენტით, რომ სხვა მოსარჩელეებისგან განსხვავებით ისინი მხოლოდ ელექტრონულ უბნებზე ხმების ფარულობის დარღვევას ასაჩივრებენ.
მოსამართლე დაინტერესდა, რატომ არ არის წარდგენილი შუამდგომლობა წერილობით, ამაზე არგუმენტად "მიზანშეუწონლობა" და "დროის ნაკლებობა" დასახელდა.
ცესკოს წარმომადგენელმა გიორგი სანტურიამნა თქვა, რომ ცესკოშიც საჩივრების განხილვის ეტაპზეც საჩივარი ისე იყო დაყენებული, რომ არ იყო გამიჯნული ელექტრონული და არატექნოლოგიური. "ანალოგიური მოთხოვნებია დაყენებული სხვა მოსარჩელეებისგანაც და გაერთიანება მიზანშეწონილია", - ამბობს სანტურიანი.
საიამ დააყენა შუამდგომლობა და მოუწოდა სასამართლოს დაავალოს ცესკოს სმარტმატიკთან გაფორმებული მარკირების შესყიდვის ხელშეკრულებების წარმოდგენა და გასაჯაროვება, ვინაიდან მათი სარჩელი ეყრდნობა ფარულობის დარღვევას და გამოჟონილი მარკერი ამის ერთ-ერთი დამადასტურებელია ჩარჩო-კონვერტთან ერთად.
შუამდგომლობას დაეთანხმნენ სხვა მოსარჩელეებიც ოპოზიციიდან და დაამატეს, რომ მიღება-ჩაბარებებსაც ითხოვენ. "მარკერი უნდა ყოფილიყო სწრაფადშრობადი, სწრაფადშრობადი კი არა, ჩვენ ვნახეთ როგორი სველი იყო, ვითხოვთ მარკერის ხელშეკრულებებს, შესყიდვის პირობებს, მიღება-ჩაბარების აქტებს", - თქვა თამარ კორძაიამ.
თინა ბოკუჩავამ პროცესზე გაიმეორა ის, რაც მანამდე მედიასთან თქვა: "მარკერების ჩანაცვლება მოხდა წინა დღეს, მოტყუებით. დამკვირვებლები ამბობენ, რომ ტენდერის მიხედვით მარკერები უნდა ყოფილიყო სმარტმატიკის და ბრენდირებული და არა ასეთი რომელსაც წარმოგიდგენთ", - განაცხადა ბოკუჩავამ და მოსამართლეს აჩვენა მარკერი, რომელიც სხდომაზე მოიტანა. ცესკო ამბობს, რომ დავის საგანი ეხება რამდენადაა კანონთან და სასამართლოს გადაწყვეტილებებთან შესაბამისობაში შემაჯამებელი ოქმები და არა მარკერებს. ამასთან, სანტურიანისვე განმარტებით, საქმეს ახლავს სმარტმატიკთან დადებული ხელშეკრულებაც.
თამარ კორძაიამ დააზუსტა, რომ მათი ინტერესია, გაიგონ შესრულდა თუ არა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და ითხოვენ დამატებით დოკუმენტაციას. ცესკო ამტკიცებს, რომ მიღება- ჩაბარების აქტებიც ახლავს სატენდერო დოკუმენტაციას, რომელიც საჯაროა, მისი გამოთხოვა კი საქმესთან შემხებლობაში არაა. მოსარჩელე საპირისპიროს ამტკიცებს. მოსარჩელეების პოზიციაა, რომ ცესკომ მარკერები შეცვალა. ისინი მოუწოდებენ სასამართლოს ჩაატარონ ექსპერიმენტი ბიულეტენზე მარკერით, რათა მათი ნათქვამი დადასტურდეს, ასევე ცესკომ პროცესზე წარმოადგინოს ბიულეტენის ნიმუშები.
"შეზღუდული არავინაა ნახოს მიღება-ჩაბარების აქტები და ხელშეკრულება... დავა ეხება შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობას.. მიგვაჩნია, რომ შუამდგომლობა უსაფუძვლოა", - თქვა მოსამართლემ და შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა.
საიას მორიგი შუამდგომლობა: ადგილზე დათვალიერდეს ბიულეტენები შემთხვევითი შერჩეული ოქლებიდან.
ცესკომ არგუმენტად სააპელაციო სასამართლოს 7 ნოემბრის გადაწყვეტილება მოიხმო, სადაც საიამ იგივე შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლეებმა ის არ დააკმაყოფილეს.
"ამ ეტაპისთვის ამ დავასთან მიმართებით რელევანტური ვერ იქნება, დავის საგანი არის შემაჯამებელი ოქმების კანონიერება", - ამ არგუმენტს იმეორებს ცესკო ყველა შუამდგომლობაზე.
მოსამართლემ არც ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა და თქვა, რომ მხარეები არ არიან შეზღუდულები წარმოადგინონ მტკიცებულებები და მოიპოვონ. თუმცა პროცესზე წარმოდგენილი არ არის.
ფორუმი