Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საჩივრები არჩევნებზე, დავა საქალაქო სასამართლოში

თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება ოპოზიციური პარტიებისა და საიას გაერთიანებული სარჩელი ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ.

11:22 13.11.2024

მხარეებს შესაგებელი, სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გადაეცათ, რის გამოც კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წარმომადგენელმა მინიმუმ ერთსაათიანი შესვენების გამოცხადება მოითხოვა.

ცესკოს წარმომადგენელმა გიორგი სანტურიანმა განმარტა, რომ შესაგებელს ახლავს ცესკოში გამართული პროცესის ვიდეო, წარმოებაში არსებული მასალები და სხდომის ოქმი.

სარჩელის ავტორებმა სასამართლო დარბაზის უფრო დიდით შეცვლაც მოითხოვეს. თამარ კორძაიამ განმარტა, რომ მათ პატარა სივრცეში "კომპიუტერის გახსნაც" არ შეუძლიათ, ამასთან მოითხოვა დარბაზს ჰქონდეს ეკრანი, სადაც ვიდეომტკიცებულებებს გამოიკვლევენ. პოლიტიკური პარტიების მოთხოვნას დაეთანხმა საია.

მოსამართლე ივერი აბაშიძემ მოსარჩელეების შუამდგომლობა დააკმაყოფილა, გამოაცხადა ერთსაათიანი შესვენება და სასამართლოს დიდი დარბაზის გამოძებნა დაავალა.

11:11 13.11.2024

საქალაქო სასამართლოში პროცესი დაიწყო, მოსამართლე ივერი აბაშიძეა. განიხილება სამი გაერთიანებული სარჩელი: ენმ, ძლიერი საქართველო საია. მოპასუხე - ცენტრალური საარჩევნო კომისია. სხდომას ესწრებიან საოლქო კომისიების წარმომადგენლებიც.

მოსარჩელეები ცესკოს ადმინისტრაციული აქტების (საოლქო კომისიის შემაჯამებელი ოქმების) ბათილად ცნობას მოითხოვენ.

11:09 13.11.2024
თამარ კორძაია
თამარ კორძაია

თამარ კორძაია, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი სხდომაზე: “დღეს, რამდენიმე შუამდგომლობას ვაყენებთ. პირველ რიგში, ჩვენ ვითხოვთ, საოლქო საარჩევნო კომისიების წევრების მოწმეების სახით დაკითხვას. 56-ზე მეტი მოწმე გვინდა რომ დაიკითხოს, დღეს, სასამართლოზე. მეორე, ჩვენ ვითხოვთ აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით ექსპერტების და სპეციალისტების დაკითხვას.

აუდიტის სამივე დასკვნა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ბევრ კითხვის ნიშანს ტოვებს და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ჩვენ დამატებით ვითხოვთ ისევ ჩატარდეს მტკიცებულებათა გამოკვლევა სწორედ ხმის ფარულობის ნაწილში, რადგან სააპელაციო სასამართლოში არ დადგენილა სრული სურათი, რაც უკავშირდება ხმის მიცემის პროცედურას და ფარულობის დაცვას. გარდა ამისა, ჩვენ ვითხოვთ ცესკოსგან დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენას, იმიტომ, რომ ჩვენ განცხადებებით მოვითხოვეთ ინფორმაცია და ცესკომ არფერი მოგვაწოდა.

შესაბამისად, შუამდგომლობა დავაყენეთ სასამართლოსთან, მაგალითად, ბიულეტენების დაბეჭვდასთან დაკავშირებით, რომელ ორგანიზაციასთან გაფორმდა ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დამადასტურებელი დოკუმენტებს და ა.შ. რასაც ცესკო ჩვენ არ გვაწვდის და შუამდგომლობის სახით სასამართლოს წინაშე ვაყენებთ, მაგრამ ჩვენ უკვე ვხედავთ, ერთ რამეს, რომ სასამართლომ მიიღო განჩინება და ცესკოს არანაირი დოკუმენტის წარმოდგენა არ დაავალა. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ სასამართლოში სამართლიანი გადაწყვეტიოების მიღების არავითარი იმედი ჩვენბარ გვაქვს, მაგრამ ჩვენ ვალდებული ვართ, ბოლომდე ვიბრძოლოთ".

11:03 13.11.2024

სასამართლოში იწყება არჩევნების შემაჯამებელ ოქმებზე საჩივრების განხილვას

თბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე იწყება საოლქო კომისიების მიერ შედგენილი საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმების გაუქმების მოთხოვნით დაწერილი სარჩელების განხილვა. სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების სარჩელები სასამართლომ გააერთიანა და ერთ საკითხად განიხილავს.

  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამტკიცებს, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს მონიშვნის გამოჩენის გამო ყველა ელექტრონულ უბანზე ამომრჩეველთა ხმის ფარულობა დაირღვა და უნდა გაუქმდეს შედეგები;
  • საიას მსგავსად იმავეს ამტკიცებენ ოპოზიციური პარტიები „ძლიერი საქართველო“ და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“. დამატებით, პარტიები მიუთითებენ არჩევნებზე იყო სხვა დარღვევებიც: მოსყიდვა, დაშინება, დამკვირვებლების საქმიანობის ხელშეშლა.

საქმეს მოსამართლე ივერი აბაშიძე განიხილავს.

ეს საარჩევნო საკითხებზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელების განხილვების მეორე ეტაპია. პირველ ეტაპზე სასამართლოები განიხილავდნენ საუბნო საარჩევნო კომისიებში მიღებულ გადაწყვეტილებებს. თბილისის სააპელაციო სასამართლოში 6 ნოემბერს დაიწყო და 23 საათი გაგრძელდა საუბნო საარჩევნო კომისიების შედგენილი ოქმების გაბათილების მოთხოვნით დაწერილი გაერთიანებული სარჩელების განხილვა. მოსამართლეთა კოლეგიამ გააუქმა თეთრიწყაროს მოსამართლის მიღებული ერთი გადაწყვეტილება, რომელმაც ხმის ფარულობის დარღვევა დაადგინა და არ დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების 20-ზე მეტი საჩივარი.

ახლა, დავების განხილვის მეორე ეტაპზე გასაჩივრებულია საოლქო კომისიების შემაჯამებელი ოქმები. საოლქო კომისიებთან დაკავშირებული დავები ჯერ ცესკომ განიხილა, როგორც ზემდგომი ორგანომ - 8-საათიანი განხილვის მიუხედავად, ოპოზიციისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების საჩივრები არ დაკმაყოფილდა. სავარაუდოა, რომ საოლქო კომისიების შემაჯამებელი ოქმების გაბათილების საქმე სააპელაციოში გადაინაცვლებს, იმ შემთხვევაში თუ საქალაქო სასამართლო სარჩელების ავტორების მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.

მეორე ეტაპის სასამართლო დავების დასრულების შემდეგ სასამართლო გადაწყვეტილებები ცესკოს გადაეგზავნება, რომელზე დაყრდნობითაც არჩევნების საბოლოო შედეგები უნდა გამოაცხადოს. ცესკოს შემაჯამებელი ოქმიც შესაძლოა გასაჩივრდეს ჯერ თბილისის საქალაქო სასამართლოში და შემდეგ უკვე სააპელაციო სასამართლოში.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG