სოხუმში დაკავებულმა ოპოზიციონერებმა იზოლატორი დატოვეს.
თავისუფალია ხუთივე: ასლან გვარამია, ომარ სმირი, რამაზ ჯოპუა, გარი კოკაია და ალმასხან არძინბა.
12 ნოემბერს სოხუმის საქალაქო სასამართლოს სამი დაკავებულის (გარი კოკაიას, ალმასხან არძინბას და რამაზ ჯოპუას) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალები გადაეცა.
მათ წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ, მაგრამ სასამართლომ პროცესი შეწყვიტა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არარსებობის გამო - ამის შესახებ ტელეგრამის არხზე წერს ჟურნალისტი ელეონორა გილოიანი. მისივე ცნობებით, ომარ სმირსა და ასლან გვარამიაზე მასალები სასამართლოს არ მიუღია.
როგორც „D News Abkhazia“ იუწყება, პატიმრობიდან გაათავისუფლეს ყოფილი დეპუტატი, 9 ნოემბერს დაკავებული თენგიზ აგრბაც, რომლის გათავისუფლებაც ასევე მოითხოვა ოპოზიციამ.
ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლების დაკავებამ სოხუმში საპროტესტო აქციები, არეულობა და კოდორისა და გუმისთის ხიდების ჩაკეტვა გამოიწვია.
მანამდე, მომიტინგეებთან მოლაპარაკების დროს, "სახალხო პალატის" წევრმა სოკრატ ჯინჯოლიამ განაცხადა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება მზად არის, ხიდების გახსნის სანაცვლოდ გაათავისუფლოს ყველა დაკავებული ოპოზიციონერი.
დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ გაიხსნა ჩაკეტილი გუმისთის ხიდიც.
აფხაზური ოპოზიციური პარტიის, „სახალხო ერთობის ფორუმის“ ლიდერის, ასლან ბარციცის ინფორმაციით, ოპოზიციის აქტივისტები ბრუნდებოდნენ გუდაუთიდან, სადაც საზოგადოების შეკრება ჩატარდა რუსეთს და აფხაზეთს შორის ახლახან ხელმოწერილი „საინვესტიციო საქმიანობის შეთანხმების“ განსახილველად, რომელსაც ოპოზიცია ეწინააღმდეგება და მისი რატიფიკაციის დღეს, 15 ნოემბერს, საპროტესტო აქციასაც გეგმავდა.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება კი აცხადებდა, რომ მათ „არაკანონიერი ქმედებები ჩაიდინეს პარლამენტის წევრის მიმართ“. ტელეგრამის არხების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საუბარი იყო "დეპუტატ" ალმას აქაბაზე. მომხდარი ინციდენტი, სავარაუდოდ, უკავშირდება "დეპუტატის" მიერ რუსეთ-აფხაზური საინვესტიციო შეთანხმების მხარდაჭერას.
ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი დაძაბული ვითარების გამო, დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ 12 ნოემბერს საგანგებო განცხადებით ხალხს სიმშვიდისკენ მოუწოდა:
“არ დაემორჩილოთ პროვოკაციებს. აფხაზეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებს გააჩნიათ საკმარისი ძალები და რესურსები ქვეყანაში უსაფრთხოებისა და კანონიერების უზრუნველსაყოფად”, - განაცხადა მან.
ფორუმი