დონალდ ტრამპი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი გახდა. თავის წიგნში „ძალის გამოღვიძება“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტრამპს ხშირად იხსენებს და მის საქართველოსთან დამოკიდებულებაზე ჰყვება.
„დონალდ ტრამპი იმ უაღრესად საინტერესო ადამიანთა შორისაა, თითო-ოროლა რომ შემხვედრია ცხოვრების გზაზე, - წერს სააკაშვილი თავის წიგნში, რომლის ერთი თავიც მთლიანად ტრამპს ეძღვნება, - სხვათა შორის, მე ვიყავი ერთი იმ იშვიათთაგანი, რომელთაც სარწმუნოდ ესახებოდათ მისი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში [2016 წელი] მოგება. სულ ამას ვუბეჯითებდი პოროშენკოს [უკრაინის პრეზიდენტი 2014-2019 წლებში], რომელმაც ღიად და უპირობოდ დაუჭირა მხარი ჰილარის“.
რამდენიმე საინტერესო ფრაგმენტი სააკაშვილის მოგონებებიდან: „მის საქართველო“, პალმების განათება და ზარი ნიუ-იორკში - დონალდ ტრამპი სააკაშვილის მოგონებებში
რუსეთის საგარეო: ჩვენი პირობები უცვლელია და ვაშინგტონში კარგად იცნობენ
შეერთებული შტატების არჩევნებს ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც.
საგარეო უწყება, რომ მოსკოვი ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან იმუშავებს თავისი ეროვნული ინტერესებისაა და „სპეცოპერაციის“ (ასე უწოდებს რუსეთი უკრაინაში ომს) მიზნების მისაღწევად.
„რუსეთი იმუშავებს ახალ ადმინისტრაციასთან, როცა ის თეთრ სახლში „ჩაეწერება“ რუსეთის ეროვნული ინტერების მკაცრი დაცვითა და სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყველა დასახული მიზნის მიღწევაზე ორიენტირებით. ჩვენი პირობები უცვლელია და ვაშინგტონში კარგად იცნობენ“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე აცხადებს, ტრამპის გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნებში და მისი დაბრუნება თეთრ სახლში ოთხწლიანი პაუზის შემდეგ „აშკარად ასახავს ამერიკელების იმედგაცრუებას ბაიდენის ადმინისტრაციის მუშაობითა და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის მიერ ჩამოყალიბებული საარჩევნო პროგრამით“.
სამინისტრო ამერიკელი დემოკრატების მხრიდან ტრამპის წინააღმდეგ „ძლიერ პროპაგანდისტულ კამპანიაზე“ საუბრობს და ამბობს, რომ ეს „კამპანია“ წამოიწყეს „ადმინისტრაციული რესურსისა და ლიბერალური მედიის მხარდაჭერით“.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მისთვის უცნობია „პრეზიდენტის გეგმა ტრამპისთვის არჩევნებში გამარჯვების მილოცვასთან დაკავშირებით“.
„მოდით ნუ დავივიწყებთ, რომ საუბარია არამეგობრულ ქვეყანაზე, რომელიც პირდაპირ და ირიბად ჩართულია ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ ომში“, - თქვა პესკოვმა.
„რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ ტრამპს: შეცვალეთ პრესასთან მიდგომა
ჟურნალისტთა უფლებადამცველი ორგანიზაცია, „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“, აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს მოუწოდებს, „გადაშალოს ახალი ფურცელი“ პრესასთან ურთიერთობაში და შეცვალოს მისი მიდგომა.
„შეწყვიტეთ თავდასხმები ჟურნალისტებზე და კვლავ დაუბრუნეთ ამერიკას გლობალური ლიდერობა პრესის თავისუფლების სფეროში“, - აცხადებს ორგანიზაცია.
ჩინეთის საგარეო უწყება აშშ-ის არჩევნების შედეგებზე
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მაო ნინი აშშ-ის არჩევნების შედეგებს ეხმაურება.
„ჩინეთის პოლიტიკა შეერთებული შტატების მიმართ მწყობრია. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს ურთიერთპატივისცემის, მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და მომგებიანი თანამშრომლობის პრინციპების გათვალისწინებით“, - აცხადებს იგი.
ეს პირველი კომენტარი ჩინეთის ოფიციალური პირებისაგან.
პრეზიდენტ სი ძინპინს ჯერ კვლავ არ გაუკეთებია კომენტარი.
ფორუმი