სამხრეთ კორეის, შეერთებული შტატებისა და იაპონიის სამხედროებმა ჩაატარეს ერთობლივი საჰაერო წვრთნა, რომელშიც მონაწილეობდა მინიმუმ ერთი ამერიკული B-1B სტრატეგიული ბომბდამშენი. მანევრები იყო პასუხი ჩრდილოეთ კორეის მიერ გასულ კვირაში საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის გაშვებაზე. ამის შესახებ სააგენტო Yonhap-ი იუწყება შტაბების უფროსთა გაერთიანებულ კომიტეტზე დაყრდნობით.
წვრთნები სამხრეთ კორეის კუნძულ ჩეჯუდოს აღმოსავლეთით მდებარე წყლების თავზე გაიმართა. სხვა საკითხებთან ერთად, სამი ქვეყნის პილოტები ვარჯიშობდნენ იმიტირებულ სამიზნეზე დარტყმაში, რათა ეჩვენებინათ ბომბდამშენის შესაძლებლობები.
ჩრდილოეთმა კორეამ 31 ოქტომბრის ღამეს გამოცადა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა. ჭურვი ზღვაში ჩავარდა ჰოკაიდოს დასავლეთით, დაახლოებით 200 კილომეტრზე. იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რაკეტის ფრენა რეკორდულ 85 წუთს გაგრძელდა დაახლოებით ათასი მეტრის სიმაღლეზე. Yonhap-ის თანახმად, რაკეტის გაშვება შეიძლება იყოს დემონსტრაციული ჟესტი აშშ-ის არჩევნებამდე, რომელშიც კენჭს იყრის დონალდ ტრამპი, ამერიკის უკანასკნელი პრეზიდენტი, რომელიც შეხვდა კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ხელმძღვანელობას.
გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციები ჩრდილოეთ კორეას უკრძალავს რაკეტების გამოცდას.
დასავლეთის ქვეყნები ფხენიანს რუსეთში ჩრდილოეთ კორეის ჯარების გაგზავნაში ადანაშაულებენ შემდგომ უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობისთვის. აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ და უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეის რამდენიმე ათასი ჯარისკაცი იმყოფება კურსკის ოლქში, საიდანაც რუსები ცდილობენ უკრაინის შეიარაღებული ძალების განდევნას. კსდრ და რუსეთი უარყოფენ ფრონტზე ჯარების გაგზავნას.
ფორუმი