Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა გამოაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სამხედრო ძალებს განალაგებს


საილუსტრაციო ფოტო: აშშ-ის ავიამზიდი "აბრაჰამ ლინკოლნი" და დამხმარე საბრძოლო ხომალდი "არქტიკი". 8 მაისი, 2019.
საილუსტრაციო ფოტო: აშშ-ის ავიამზიდი "აბრაჰამ ლინკოლნი" და დამხმარე საბრძოლო ხომალდი "არქტიკი". 8 მაისი, 2019.

შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა ახლო აღმოსავლეთში დამატებითი სამხედრო ძალების განლაგების შესახებ. მათ შორის არის საესკადრო ნაღმოსნები, სარაკეტო თავდაცვის სისტემები და შორ მანძილზე მოქმედი B-52 ბომბდამშენები. ეს ნაბიჯი გაფრთხილებაა ირანის მიმართ.

როგორც პარასკევს თქვა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა პეტ რაიდერმა, ჯარები უახლოეს თვეებში დაიწყებენ ჩასვლას.

„ჩვენი ვალდებულებების შესაბამისად, დავიცვათ აშშ-ის მოქალაქეები და ძალები ახლო აღმოსავლეთში, დავიცვათ ისრაელი და დეესკალაცია მოვახდინოთ შემაკავებელი და დიპლომატიური გზებით, თავდაცვის მინისტრმა განკარგულება გასცა, რეგიონში გაიგზავნოს სარაკეტო თავდაცვის დამატებითი საესკადრო ნაღმოსნები, ავიაგამანადგურებლების ესკადრილიები და საწვავის გასამართი თვითმფრინავები, ასევე შორ მანძილზე მოქმედი B-52 მოიერიშე ბომბდამშენები,“ პენტაგონის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება „ამერიკის ხმა“.

გასული თვის ბოლოს შეერთებულმა შტატებმა რეგიონში განათავსა ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა THAAD, რომელსაც ამერიკის ჯარები მართავენ ადგილებზე.

პენტაგონის მეთაური „კვლავაც ცხადყოფს, რომ თუ ირანი, მისი პარტნიორები ან მასთან დაკავშირებული ჯგუფები გამოიყენებენ შესაძლებლობას, მიზანში ამოიღონ ამერიკის პერსონალი ან შეერთებული შტატების ინტერესები რეგიონში, შეერთებული შტატები ყველა საჭირო ზომას მიმართავს თავისი ხალხის დასაცავად“, - ხაზგასმულია აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს ისრაელმა მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა ირანს, გაანადგურა ქვეყნის სამხედრო ინფრასტრუქტურა, მაგრამ არ შეხებია უმნიშვნელოვანეს ბირთვულ და ნავთობის ობიექტებს.

ირანმა 2024 წელს ისრაელზე ორი დიდი თავდასხმა განახორციელა - ერთი აპრილში დამასკში ირანის საკონსულოზე თავდასხმის საპასუხოდ და მეორე ოქტომბერში, რომელიც, თეირანის თქმით, იყო პასუხი იმ გასამხედროებული დაჯგუფებების ლიდერთა მკვლელობაზე, რომლებსაც ის უჭერს მხარს ახლო აღმოსავლეთში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG