ესპანეთის მთავრობამ დღეიდან, 31 ოქტომბრიდან, სამდღიანი გლოვა გამოაცხადა წყალდიდობით გამოწვეული დიდი მსხვერპლის გამო. ყველაზე მეტად დაზარალდა ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე ვალენსიის რეგიონი და მისი ადმინისტრაციული ცენტრი, ქალაქი ვალენსია.
30 ოქტომბრის ღამის მონაცემებით, დაღუპულია 95 ადამიანი. 92 - ვალენსიაში, 2 - კასტილია-ლა მანჩში და 1 - ანდალუსიაში. ესპანეთის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება.
ძლიერი წვიმა, რომელსაც წყალმოვარდნა მოჰყვა, სამშაბათს, 29 ოქტომბერს, დაიწყო. მეტეოროლოგების ინფორმაციით, ვალენსიის ზოგიერთ რაიონში რვა საათში მოვიდა ნალექის წლიური ნორმა. კოკისპირულ წვიმას თან ახლდა ძლიერი ქარი.
წყალდიდობამ დაანგრია და დააზიანა სახლები და სხვა შენობები, გზები, ხიდები, ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა ინფრასტრუქტურა. ადიდებულმა მდინარეებმა დასახლებული პუნქტები ლაფით და ნაგვით აავსეს.
ესპანური მედიის ინფორმაციით, სამოქალაქო თავდაცვის სამსახურმა მოსალოდნელი საშიშროების შესახებ მოქალაქეები გააფრთხილა მხოლოდ 29 ოქტომბრის საღამოს 9 საათისთვის, როცა არაერთი დასახლებული პუნქტი უკვე დატბორილი იყო.
ბევრი ესპანელი სოციალურ ქსელებში ხელისუფლებას აკრიტიკებს არა მხოლოდ ადრეული გაფრთხილების სისტემის არაეფექტიანობის, არამედ სტიქიის შედეგებზე ცუდად რეაგირების გამოც.
სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობენ ესპანეთის შეიარაღებული ძალების სამხედროები და ავიაცია. დაკარგულებს დრონებითაც ეძებენ.
ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა მარგარიტა რობლესმა სტიქიურ უბედურებას უპრეცედენტო უწოდა.
30 ოქტომბერს ესპანეთის აღმოსავლეთში ამინდი გაუმჯობესდა, თუმცა მეტეოსამსახურმა მოქალაქეები გააფრთხილა, რომ ძლიერი წვიმა უკვე ჩრდილო-აღმოსავლეთში, კატალონიის მხარეშია მოსალოდნელი.
ფორუმი