შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ, "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ელჩებს თავიანთი პოზიცია და გეგმები გააცნეს საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით.
"[ელჩებს] ვუთხარით ჩვენს გეგმებთან დაკავშირებით, როგორ ვაპირებთ დავადასტუროთ შედეგების მასობრივი გადაწერა. თქვენ ხედავთ გამოხმაურებას, რომ, ფაქტობრივად, არავინ არ ცნობს ამ შედეგებს, რომელიც არის. შეხვედრაზე მოგვისმინეს, კითხვები დასვეს, მათთვის აბსოლუტურად გასაგებია ჩვენი პოზიცია. მათი ფუნქციაა დედაქალაქებს გადასცენ ჩვენი პოზიცია", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მათ აქვთ დიპლომატების მხარდაჭერა:
"მე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მთელი დიპლომატიური კორპუსი, მთელი საერთაშორისო საზოგადოება, ახლა, როგორც არასდროს იქნება ქართველი ხალხის მხარდამხარ, ვინაიდან არავის არ სჯერა, რაც გააკეთა [ბიძინა] ივანიშვილმა".
"ძლიერი საქართველოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განმარტა, რომ დიპლომატებთან შეხვედრის ინიციატივა ოპოზიციას ეკუთვნის და ამან მათი მხრიდან "დიდი ინტერესი" გამოიწვია.
"ჩვენ ტყუილა არ ვეძახით ამას სპეცოპერაციას, ეს სპეცოპერაცია იყო. ყველა არჩევნებზე, სამწუხაროდ, მიჩვეულები ვართ გაყალბებას. ეს არ იყო გაყალბება 1-2%-ით, ეს იყო მასიური, სისტემური ხმების მითვისება", - თქვა მან. კითხვაზე, რამდენი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა შეხვედრას, ხაზარაძე ამბობს, რომ ზუსტი რაოდენობა არ იცის, თუმცა "ოთახი სავსე იყო".
ცოტა ხნის წინ, სასტუმრო "თბილისი მერიოტში" შევიდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა. მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ ორბანი ამავე სასტუმროში განთავსდა და უკვე ხვალ, 29 ოქტომბერს, მას დაგეგმილი აქვს შეხვედრები ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ორბელიანების სასახლეში ოპოზიციის ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა, 27 ოქტომბერს განაცხადა, რომ არ აღიარებს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და საზოგადოებას 28 ოქტომბერს, 19 საათზე, რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდა.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში გამარჯვება „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა ხმების 53.93%-ით. არცერთი მსხვილი ოპოზიციური პარტია არ აღიარებს შედეგებს და გაყალბებაზე საუბრობს.
- არჩევნების წინასწარ შედეგებს არ აღიარებს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა".
- კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერების განცხადებით, ისინი არ აპირებენ არჩევნების გამოცხადებულ შედეგებთან შეგუებას.
- "კოალიცია ცვლილებებისთვის" უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე და არჩევნების შედეგებს "გაყალბებულად და არალეგიტიმურად" მიიჩნევს.
- პარტია "გახარია საქართველოსთვის" აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებს პირდაპირი გავლენა ჰქონდა შედეგებზე.
ფორუმი