Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდინარაძე: სცენარის მიხედვით, ახლა ყველა უნდა გამოვიდეს და თქვან, რომ არ შემოვლენ პარლამენტში. არ ჩქარობენ


მამუკა მდინარაძე, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი
მამუკა მდინარაძე, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე არჩევნების შედეგების არაღიარებაზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება.

"სალომე ზურაბიშვილმა არჩევნები იყო რუსული და მე მას ვერ ვაღიარებო. (მარტო ლავროვი შემიძლია ვაღიაროო). სცენარის მიხედვით ახლა ყველა უნდა გამოვიდეს და თქვან, რომ არ შემოვლენ პარლამენტში. აბა ვნახოთ. p. s. არ ჩქარობენ", - წერს მდინარაძე ფეისბუკის გვერდზე.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.

ბრიფინგზე, რომელსაც ესწრებოდნენ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის", "კოალიცია ცვლილებისთვის" და "ძლიერი საქართველოს" წარმომადგენლები და ასევე "გახარია საქართველოსთვის" წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი, პრეზიდენტმა თქვა, რომ ამ არჩევნების აღიარება რუსეთის საქართველოში შემოსვლას ნიშნავს.

"მე მინდა დღეს აქ ვთქვა, როგორც ამ სახელმწიფოში ერთადერთი დარჩენილი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომ არ ვაღიარებ ამ არჩევნებს. ამის აღიარება არ შეიძლება. ესაა იგივე, რაც აღიარება რუსეთის აქ შემოსვლის, რუსეთის მიმართ საქართველოს დაქვემდებარების. მე ამისთვის არ ჩამოვსულვარ საქართველოში. ამისთვის არ უცხოვრიათ ჩვენს წინაპრებს. ამას ჩვენ არ შევეგუებით. არ შეიძლება, რომ ვინმემ წაართვას საქართველოს თავისი ევროპული მომავალი", - თქვა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ხვალ, 19:00 საათზე, თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქცია დააანონსა და მოსახლეობას მიმართა, ერთად დადგნენ და გამოაცხადონ, რომ "არ ვაღიარებთ, არ ვეგუებით რუსეთს და მის შემოსვლას ამ ფორმით საქართველოში, ახალი ფორმის დაპყრობას".

"ეს არჩევნები არ შედგა, არ იქნა, არ არის ლეგიტიმური და ვერაფერი ვერ გახდის ამ არჩევნებს ლეგიტიმურს", - თქვა პრეზიდენტმა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG