Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვევა


უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი

28-29 ოქტომბერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, 29 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.

მთავრობის ადმინისტრაციის თანახმად, დღის წესრიგის მიხედვით, შედგება შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე და ვიქტორ ორბანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს ეწვევა სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაში იქნებიან უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო, უნგრეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი მარტონ ნადი, უნგრეთის ფინანსთა მინისტრი მიხაი ვარგა, სახელმწიფო მდივანი იანოშ მატე და სხვა ოფიციალური პირები.

ვიქტორ ორბანი ერთ-ერთი პირველი ლიდერი იყო, ვინც "ქართულ ოცნებას" გამარჯვება ტელეკომპანია „იმედის“ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ მიულოცა. მან ამის შესახებ განცხადება პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა.

„ვულოცავ პრემიერ-მინისტრ კობახიძეს და „ქართულ ოცნებას“ უდიდესი უპირატესობით მოპოვებულ გამარჯვებას საპარლამენტო არჩევნებში. საქართველოში ხალხმა იცის, რა არის მათი ქვეყნისთვის საუკეთესო და დღეს მათი ხმა გაისმა!“

2012 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე, ორბანმა, რომელიც ორდღიანი ვიზიტით საქართველოში იმყოფებოდა, ქუთაისის სტადიონზე "ნაციონალური მოძრაობის" კამპანიის აქციის მონაწილეებს მიმართა და მოუწოდა საქართველოს, არ დაეშვა „შეცდომა“ და არ დაბრუნებულიყვნენ წარსულში.

27 სექტემბერს სტადიონზე გამოსვლისას, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, რომელსაც გვერდით პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ედგა, განაცხადა: ნება მომეცით, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და უნგრელი ხალხის მოსალმება გადმოგცეთ თავისუფლების მოყვარული ქართველი ხალხის მიმართ“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG