სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა "ქართულ ოცნებას" და ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
"ვულოცავ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს და პარტია „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას. მჯერა, რომ სომხეთი-საქართველო სტრატეგიული ურთიერთობები გააგრძელებს მდგრად განვითარებას - და მოძმე ხალხების საკეთილდღეოდ", - ნიკოლ ფაშინიანმა ეს X-ზე ქართულად დაწერა.
27 ოქტომბრის დილისთვის, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გამოქვეყნებული აქვს 3 111 საარჩევნო უბნიდან 3100 უბნის (99.646%) წინასწარი შედეგები.
წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ 54,086%-ით ლიდერობს. ოპოზიციიდან ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა მოიპოვა „კოალიციამ ცვლილებისთვის“ – 10,923%.
- არჩევნების წინასწარ შედეგებს არ აღიარებს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა".
- პარტიის, "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებს პირდაპირი გავლენა ჰქონდა შედეგებზე.
- კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერების განცხადებით, ისინი არ აპირებენ არჩევნების გამოცხადებულ შედეგებთან შეგუებას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მიუხედავად ოპოზიციური პარტიების განცხადებისა, რომ ისინი არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს, პარლამენტის პირველი სხდომა ჩვეულებრივ რეჟიმში შედგება, დამტკიცდება მთავრობაც.
ფორუმი