Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ISFED: ხმის დათვლის პროცესში მასშტაბური პრობლემები არ დაგვიფიქსირებია


ნინო დოლიძე, "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი
ნინო დოლიძე, "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები"(ISFED) 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს აჯამებს და საუბრობს როგორც უშუალოდ კენჭისყრის დღეს, ისე წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებზე. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ 27 ოქტომბერს დღის 12:00 საათზე გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ მათ ნაკლებად აქვთ კითხვის ნიშნები შედეგების დათვლის პროცესთან, რომელმაც მნიშვნელოვანი დარღვევების და ხარვეზების გარეშე ჩაიარა, თუმცა თვლიან, რომ ამომრჩევლის თავისუფალი ნება არ იყო გამოვლენილი დაშინებისა და მოსყიდვის მასშტაბური მცდელობების გამო.

"ხმების პარალელური დათვლის მეთოდოლოგიით, ორგანიზაციას არ დაუფიქსირებია მასშტაბური პრობლემები ხმების დათვლის დროს, თუმცა ორგანიზაცია კვლავ ხაზს უსვამს, რომ წინასაარჩევნო გარემოს პერიოდში გამოვლენილმა ფაქტებმა და არჩევნების დღეს გამოვლენილმა ფაქტებმა, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა არჩევნების დღეზე და მის შედეგებზე. კენჭისყრის პროცესში შეინიშნებოდა პრობლემური ინციდენტებისა და დარღვევების სიმრავლე", - თქვა ნინო დოლიძემ.

ISFED-ის დამკვირვებლებმა უშუალოდ 26 მაისს საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზე 200-მდე საჩივარი დაწერეს. ამ დღეს დაფიქსირებული დარღვევებიდან ნინო დოლიძემ გამოყო შემდეგი:

  • საარჩევნო უბნების 9% არ იცავდა ამომრჩეველთა ხმის მიცემის ფარულობას;
  • საარჩევნო უბნების 9%-ზე გამოვლინდა მარკირების პროცედურასთან დაკავშირებული პრობლემები;
  • რამდენიმე საარჩევნო უბანზე გამოვლინდა საარჩევნო ყუთში ბიულეტენების მასობრივი ჩაყრა და მრავალჯერადად ხმის მიცემის ფაქტები;
  • უბნების 32%-ზე აღირიცხებოდნენ ამომრჩევლები საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე;
  • საარჩევნო უბნების 13%-ის გარე პერიმეტრზე ადგილი ჰქონდა ამომრჩეველთა მოსყიდვის სავარაუდო ფაქტებს.

გარდა ამისა, არჩევნების დღეს არაერთ უბანზე დამკვირვებლებს მუშაობა უწევდათ დაშინების, მათი უფლების შეზღუდვის, ძალადობის მუქარის ქვეშ, იყო შემთხვევები როცა დამკვირვებლები გახდნენ ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობის სამიზნეები. "სამართლიანი არჩევნები" მიიჩნევს, რომ დარღვევების ამ სპექტრმა გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგებზე.

"სამართლიანი არჩევნები", სავარაუდოდ, არ გამოაქვეყნებს ხმის პარალელური დათვლის (PVT) შედეგებს.

27 ოქტომბრის დილისთვის, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გამოქვეყნებული აქვს 3 111 საარჩევნო უბნიდან 3100 უბნის (99,646%) წინასწარი შედეგები.

წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ 54,086%-ით ლიდერობს. ოპოზიციიდან ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა მოიპოვა „კოალიციამ ცვლილებისთვის“ – 10,923%.

  • არჩევნების წინასწარ შედეგებს არ აღიარებს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა".
  • პარტიის, "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებს პირდაპირი გავლენა ჰქონდა შედეგებზე.
  • კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერების განცხადებით, ისინი არ აპირებენ არჩევნების გამოცხადებულ შედეგებთან შეგუებას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG