პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მან შეაჯამა კენჭისყრის დღე და ჩამოთვალა კონკრეტული დარღვევები. მეზვრიშვილის განცხადებით, მათ უკვე მიმართეს საგამოძიებო ორგანოს დარღვევებზე რეაგირებისთვის.
- "მინდა ძირითადი სისტემური დარღვევები შევაჯამო, რასაც პირდაპირი გავლენა აქვს არჩევნებზე. ამის გამო შედეგები ბუნებრივად იწვევს გარკვეულ კითხვის ნიშნებს. ცალსახად დადასტურდა, რომ რეალურად სხვა ადამიანების პირადობის მოწმობების გამოყენებით, სხვა ადამიანები აძლევდნენ ხმას. ეს, ალბათ, გასაკვირი არაა, როცა წინა კვირაში წარმოვადგინეთ დეტალური სქემა, როგორ იყო კომისიები დაკომპლექტებული მთლიანად "ოცნებისადმი" ლოიალურად განწყობილი ადამიანებით.
- მეორე სისტემური დარღვევაა მოსყიდვები - კონკრეტული ვიდეომტკიცებულებები წარმოვადგინეთ და გაეგზავნა ყველა დამკვირვებელს, ფულს როგორ არიგებდა მიკროავტობუსებით ჩამომდგარი "ოცნების" პარტაქტივი.
- ჩვენ მივმართეთ საგამოძიებო ორგანოებს პირადობებთან დაკავშირებით. შევიტანეთ დღესვე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში განცხადება და ვაგრძელებთ რეაგირებას სხვა დარღვევებზე.
- შემდეგი სისტემური დარღვევა, რომელიც სულ ახლახანს ხმების გადათვლის დროს გამოვლინდა - ბათილ ბიულეტენებს, სადაც ამომრჩეველს გამოხატული აქვს ნება, რომ არცერთ პარტიას არ ირჩევს და მხოლოდ იმიტომ, რომ გადახაზული ხაზი სადღაც რაღაც დოზით "ოცნების" 41-ის წინ არსებულ რგოლზე გადის, უთვლიან "ოცნებას". ეს ხდება ყველა უბანზე;
- ხმების გადათვლა სანთლის შუქზე მიმდინარეობს ხარაგაულში, ზესტაფონში, გონიოში, ხობში.
- დღის განმავლობაში ათეულობით ფაქტი დააფიქსირეს ჩვენმა წარმომადგენლებმა, სადაც "ოცნება" არიგებდა ბიულეტენებს, სადაც წინასწარ ამ დარიგებულ ბიულეტენზე "ოცნება" იყო მონიშნული წრის შიგნით.
- დილის 8 საათიდან მასშტაბურად დაფიქსირდა კარუსელის მეორე ნაირსახეობა - ერთ ამომრჩეველს აძლევდნენ ორ ბიულეტენს;
- არაფერს ვსაუბრობ იმაზე, რა ხდებოდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის კუთხით, მობილიზებული იყო ქუჩის ე.წ. შპანა, უბნებზე ხდებოდა შევარდნები".
"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა" არ აღიარებს საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს, რომლებიც ცესკომ გამოაქვეყნა. ამის შესახებ ბრიფინგი "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში გაიმართა.
პარტიის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ არ აპირებენ "მოპარული, მიტაცებული საარჩევნო შედეგის აღიარებას".
"კოალიცია ცვლილებებისთვის", რომელიც სამ ოპოზიციურ პარტიას აერთიანებს, ასევე არ აპირებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული შედეგების აღიარებას და საპარლამენტო არჩევნების გაყალბების მასშტაბური სქემის არსებობაზე საუბრობს.
22 საათისთვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 3 111 საარჩევნო უბნიდან 2 251-ის ელექტრონულად დათვლილი წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. ამ შედეგების თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ხმათა 53, 064% დააგროვა.
ფორუმი