Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფოთის მე-15 საარჩევნო უბნის რეგისტრატორი გარდაიცვალა


საილუსტაციო ფოტო: სასწრაფო დახმარების ავტომობილი
საილუსტაციო ფოტო: სასწრაფო დახმარების ავტომობილი

რადიო თავისუფლებას ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, სალომე როდონაიამ განუცხადა, რომ 47 წლის ნიკოლოზ ლომინაძე გულის შეტევით სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა საავადმყოფოში, თუმცა პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ოლქის კომისიის თავმჯდომარის ცნობითვე, მომხდარის გამო მე-15 საარჩევნო უბანზე დროებით შეჩერებული იყო კენჭისყრა, თუმცა მალევე განახლდა.

არჩევნები 2024

26 ოქტომბერს, 08:00 საათზე საქართველოში დაიწყო ხმის მიცემა საპარლამენტო არჩევნებში, რომელშიც 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს.

საქართველოს ისტორიაში პირველად, ქვეყნის მოქალაქეები პარლამენტის 150 დეპუტატს მხოლოდ პროპორციული სისტემით ირჩევენ.

პარლამენტის მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%-ს მაინც.

ქვეყნის ისტორიაში პირველად ამომრჩეველთა თითქმის 90% ხმას ელექტრონული საშუალებების გამოყენებით აძლევს. ხმის უფლების მქონე მოქალაქე ბიულეტენზე მოცემული 18 პოლიტიკური პარტიიდან ირჩევს ერთს, რისთვისაც შესაბამისი პარტიის წინ არსებული წრის შიდა სივრცე უნდა გააფერადოს.

ე.წ. ძველი წესით, ანუ სასურველი ერთი პარტიის ნომრის შემოხაზვით ხმას აძლევს ამომრჩევლების 10%. ეს ბიულეტენები კენჭისყრის დასრულების შემდეგ გაციფრულდება.

  • 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ია;
  • ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხმას მისცემს 3 113 747;
  • გადასატანი ყუთის სიაში 64 238 ამომრჩეველია;
  • უცხოეთის სახელმწიფოებში შექმნილი საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებშია 95 910 ამომრჩეველი;
  • გახსნილია 3 111 საარჩევნო უბანი, მათგან საქართველოში 3 044 უბანი (მათ შორის 13 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი - 12 პენიტენციურ დაწესებულებებში, 1 კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში);
  • საზღვარგარეთ 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანია;
  • ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნები საქართველოში 2 263 უბანზე; ტარდება. დანარჩენ უბნებზე, ასევე საზღვარგარეთ, კენჭისყრა ტრადიციული წესით იმართება.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციისა და ვენდორი კომპანიის გამოცდილებით, რომელიმე ელექტრონული აპარატის მწყობრიდან გამოსვლის ალბათობა მინიმალურია, თუმცა, შემუშავდა რისკების პრევენციისა და მართვის დოკუმენტი და მთავარია, რომ არცერთ შემთხვევაში კენჭისყრა არ შეწყდება.

საარჩევნო პროცესს აკვირდება 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი და 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი. აკრედიტებულია 199 მედიასაშუალების 2800-ზე მეტი წარმომადგენელი.

კენჭისყრა 20:00 საათზე დასრულდება, თუმცა ამ დროისთვის რიგში დარჩენილ ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG