საქართველოში არჩევნების გასაშუქებლად არ შემოუშვეს უცხოელი ფოტოგრაფი, შტეფან გოსი. ის თბილისის აეროპორტში თურქეთიდან გუშინ, 25 ოქტომბერს გამთენიას ჩამოფრინდა.
შტეფან გოსი ჟურნალისტების საერთაშორისო ფედერაციის მიერ აკრედიტებული ფოტოგრაფია, იღებს კონფლიქტებს, ომს, აქციებს. ის რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ საქართველოში უკვე ნამყოფია „სამჯერ თუ ოთხჯერ“, არასდროს შემოსვლის პრობლემა არ ჰქონია, აშუქებდა „აგენტების კანონთან“ დაკავშირებულ მასობრივ პროტესტებსაც.
„არჩევნებისთვის ერთი ან ორი კვირით ჩამოსვლას ვგეგმავდი. ვიფიქრე, რომ საინტერესო პროცესების გადაღებას შევძლებდი. მათ აიღეს ჩემი პასპორტი, შეამოწმეს, მზად ჰქონდათ ბეჭდის ჩასარტყმელი მოწყობილობა, შემდეგ მეორედ შეხედეს ეკრანს და ო, არა...
ჩამომართვეს პასპორტი და ტელეფონი საათ-ნახევრის განმავლობაში, შემიყვანეს უკანა ოთახში და შემდეგ მოვიდნენ ფურცლით და მითხრეს, რომ დეპორტირებული ვარ, არავის უთქვამს რატომ“, - ამბობს ფოტოგრაფი.
აეროპორტის თანამშრომლები და პოლიციელები კარგად ექცეოდნენ, მათთან პრობლემა არ აქვს, თუმცა ფიქრობს, რომ მთავრობამ შავ სიაში შეიყვანა.
„ვიღაცამ შავ სიაში შემიყვანა, მთავრობას ვგულისხმობ. მე უკრაინაშიც ვმუშაობდი და ალბათ საქართველოს ხელისუფლებას ისე ძალიან აღარ მოვწონვარ. სხვათა შორის, საზღვარზე არავის არაფერი უკითხავს, რატომ ვარ, რა მიზნით, არ შეუმოწმებიათ დოკუმენტაცია. პირდაპირ უარი მითხრეს“, - ამბობს შტეფან გოსი.
ფოტოგრაფმა საქართველოში შემოსვლაზე უარის შესახებ პირველად ინფორმაცია ტვიტერის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა და ამ ცნობას თან უარის დამადასტურებელი დოკუმენტიც დაურთო, სადაც წერია, რომ ფოტოგრაფი „არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს“.
შტეფან გოსი ერთადერთი არ არის. 22 ოქტომბრის საღამოს, საქართველოში არ შემოუშვეს ჩეხი ჟურნალისტი რეი ბეისლი - ინფორმაცია მან X-ზე (ყოფილი ტვიტერი) თავად გაავრცელა საღამოს 8 საათისთვის. ამ პოსტში რეი წერდა, რომ საღამოს 8-ის ნახევრისთვის მას საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს ყველანაირი დასაბუთების გარეშე და ითხოვდა დახმარებას. დოკუმენტში, რომელიც მან გამოაქვეყნა, უარის მიზეზად მითითებულია ყველაზე ზოგადი პუნქტი: „არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს“.
ქარტიისვე ინფორმაციით, მხოლოდ სექტემბერში მსგავსი საფუძვლით საზღვრის კვეთაზე უარი მიიღო ორმა უცხოელმა ჟურნალისტმა.
- 16 სექტემბერს ქუთაისის აეროპორტიდან პოლონეთში გააბრუნეს საქართველოში მცხოვრები ბელარუსი ჟურნალისტი და აქტივისტი, ანდრეი მიალეშკა, რომელიც არასრულწლოვან შვილთან ერთად ბრუნდებოდა.
- 17 სექტემბერს საქართველოში არ შემოუშვეს ქართულ-სომხური მედიაგამოცემა Aliq Media-ს დამფუძნებელი და ერთ-ერთი რედაქტორი არსენ ხარატიანი, რომელიც ლუქსემბურგიდან თბილისში მოფრინავდა, საიდანაც სომხეთში უნდა წასულიყო. ხარატიანი მაშინ სტამბოლში გააბრუნეს, საიდანაც ისევ ლუქსემბურგში მოუწია წასვლა.
ფორუმი