Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარნეულის 74-ე უბანზე ენმ-ის წარმომადგენელს სცემეს


აზად ქერიმოვი, "ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე
აზად ქერიმოვი, "ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე

მარნეულის 74-ე უბანზე ოპოზიციური პარტიის წევრებსა და უბანზე მყოფ პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირება იყო. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაპირისპირების ერთ-ერთმა მონაწილემ გიორგი მუმლაძემ დაუდასტურა.

ნაცემია აზად ქერიმოვი, „ნაციონალური მოძრაობის“ რაინული ორგანიზაციის თავმჯდომარე. ნაცემი ქერიმოვის კადრები ტელეკომპანია „მთავარმა“ გადაიღო. მისი თქმით, მას ფიზიკურად მარნეულის საკრებულოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი გაუსწორდა.

გიორგი მუმლაძე ჰყვება, რომ უბნიდან აძევებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის „ჩემი ხმა ევროკავშირს“ ერთ-ერთ დამკვირვებელს. ამ ინფორმაციის გაგებისთანავე მუმლაძე და სხვა ოპოზიციონერები საარჩევნო უბანზე წავიდნენ. მუმლაძე დამკვირვებელია არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ერთობის“ სახელით. ამ ორგანიზაციაში არიან სხვა ოპოზიციური პარტიის წევრებიც, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“.

„როგორც დამკვირვებელი მივედი, მაშინვე, როგორც კი მოვიკითხეთ პრობლემა, დამესხნენ თავს, დამესია ოთხი ადამიანი უბნის გარეთ ოთახში, გადავირჩინე თავი, გამოვედი, შემდეგ ეზოში ურტყეს დამკვირვებლებს“, - ამბობს გიორგი მუმლაძე.

ადგილზე მივიდა პოლიცია. რადიო თავისუფლებას შსს-ში უთხრეს, რომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

არჩევნები 2024

26 ოქტომბერს, 08:00 საათზე საქართველოში დაიწყო ხმის მიცემა საპარლამენტო არჩევნებში, რომელშიც 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს.

საქართველოს ისტორიაში პირველად, ქვეყნის მოქალაქეები პარლამენტის 150 დეპუტატს მხოლოდ პროპორციული სისტემით ირჩევენ.

პარლამენტის მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%-ს მაინც.

ქვეყნის ისტორიაში პირველად ამომრჩეველთა თითქმის 90% ხმას ელექტრონული საშუალებების გამოყენებით აძლევს. ხმის უფლების მქონე მოქალაქე ბიულეტენზე მოცემული 18 პოლიტიკური პარტიიდან ირჩევს ერთს, რისთვისაც შესაბამისი პარტიის წინ არსებული წრის შიდა სივრცე უნდა გააფერადოს.

ე.წ. ძველი წესით, ანუ სასურველი ერთი პარტიის ნომრის შემოხაზვით ხმას აძლევს ამომრჩევლების 10%. ეს ბიულეტენები კენჭისყრის დასრულების შემდეგ გაციფრულდება.

  • 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ია;
  • ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხმას მისცემს 3 113 747;
  • გადასატანი ყუთის სიაში 64 238 ამომრჩეველია;
  • უცხოეთის სახელმწიფოებში შექმნილი საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებშია 95 910 ამომრჩეველი;
  • გახსნილია 3 111 საარჩევნო უბანი, მათგან საქართველოში 3 044 უბანი (მათ შორის 13 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი - 12 პენიტენციურ დაწესებულებებში, 1 კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში);
  • საზღვარგარეთ 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანია;
  • ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნები საქართველოში 2 263 უბანზე; ტარდება. დანარჩენ უბნებზე, ასევე საზღვარგარეთ, კენჭისყრა ტრადიციული წესით იმართება.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციისა და ვენდორი კომპანიის გამოცდილებით, რომელიმე ელექტრონული აპარატის მწყობრიდან გამოსვლის ალბათობა მინიმალურია, თუმცა, შემუშავდა რისკების პრევენციისა და მართვის დოკუმენტი და მთავარია, რომ არცერთ შემთხვევაში კენჭისყრა არ შეწყდება.

საარჩევნო პროცესს აკვირდება 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი და 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი. აკრედიტებულია 199 მედიასაშუალების 2800-ზე მეტი წარმომადგენელი.

კენჭისყრა 20:00 საათზე დასრულდება, თუმცა ამ დროისთვის რიგში დარჩენილ ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG