Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდის ერთ-ერთი საარჩევნო უბნიდან დამკვირვებლები გააძევეს


ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანი საბავშვო ბაღის შენობაშია
ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანი საბავშვო ბაღის შენობაშია

ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში პარტია „ლელოს“ წარმომადგენელმა დავით ჩქოტუამ მე-9 უბნის დერეფანში მომხდარ დაპირისპირებაში დაადანაშაულა „ქართული ოცნების“ აქტივისტები, რომლებიც, მისი თქმით, კენჭისყრას არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით აკვირდებიან.

ჩქოტუას თანახმად, ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა მის შენიშვნას, რომ რამდენიმე მეთვალყურე ძალიან ახლო მანძილიდან აკვირდებოდა ხმის მიცემის პროცესს და ირღვეოდა ფარულობის პრინციპი.

„ლელოს“ წარმომადგენლის ცნობით, უბნის თავმჯდომარეს შენიშვნა მისცა და დისტანციის დაცვა მოითხოვა, რის გამოც მასთან მივიდა „ვითომ დამკვირვებელი“ და უთხრა, „შენ ვინ ხარ, რას წარმოადგენო“. ჩქოტუას თქმით, იმის გამო, რომ პროცესს ხელი არ შეშლოდა, გარეთ გასვლა შესთავაზა, დერეფანში კი ორი პირი დაუპირისპირდა: „ადგილზე პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია. უბრალოდ, გაწევ-გამოწევისას გაგვაშველეს“.

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის განცხადებით, მე-9 უბანზე დაპირისპირება იყო საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე, რაზეც საოლქო კომისია პასუხს არ აგებს.

მესხის ინფორმაციით, დამკვირვებლები უხეშად ერეოდნენ საუბნო კომისიის მოვალეობებში, რის გამოც ისინი გააძევეს და ამის შემდეგ გარე პერიმეტრზე მოხდა დაპირისპირება: „ისინი ერეოდნენ რეგისტრატორის ფუნქცია-მოვალეობებში. რეგისტრატორთან რომ უნდა წარმოადგინო აიდი-ბარათი ან პასპორტი და ველში შეიყვანო პირადი ნომერი, ამას აკეთებდა, ვთქვათ, დამკვირვებელი. ითავსებდა რეგისტრატორის ფუნქციას. მითითება ერთხელ, ორჯერ და შემდეგ უკვე კომისიის გადაწყვეტილებით გააძევეს“.

ზუგდიდის მე-9 უბნიდან გაძევებულია ორი დამკვირვებელი. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, გაძევებული არიან არასამთავრობო ორგანიზაციების, „სამართლიანი არჩევნების“ და „მესხეთის სამოქალაქო საზოგადოების“ მეთვალყურეები.

26 ოქტომბერს საქართველოში მიმდინარეობს საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს.

საქართველოს ისტორიაში პირველად, ქვეყნის მოქალაქეები პარლამენტის 150 დეპუტატს მხოლოდ პროპორციული სისტემით ირჩევენ.

პარლამენტის მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%-ს მაინც.

ქვეყნის ისტორიაში პირველად ამომრჩეველთა თითქმის 90% ხმას ელექტრონული საშუალებების გამოყენებით აძლევს. ხმის უფლების მქონე მოქალაქე ბიულეტენზე მოცემული 18 პოლიტიკური პარტიიდან ირჩევს ერთს, რისთვისაც შესაბამისი პარტიის წინ არსებული წრის შიდა სივრცე უნდა გააფერადოს.

ე.წ. ძველი წესით, ანუ სასურველი ერთი პარტიის ნომრის შემოხაზვით ხმას აძლევს ამომრჩევლების 10%. ეს ბიულეტენები კენჭისყრის დასრულების შემდეგ გაციფრულდება.

  • 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ია.
  • ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხმას მისცემს 3 113 747.
  • გადასატანი ყუთის სიაში 64 238 ამომრჩეველია.
  • უცხოეთის სახელმწიფოებში შექმნილი საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებშია 95 910 ამომრჩეველი.
  • გახსნილია 3 111 საარჩევნო უბანი, მათგან საქართველოში 3 044 უბანი (მათ შორის 13 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი - 12 პენიტენციურ დაწესებულებებში, 1 კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში)
  • საზღვარგარეთ 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანია.
  • ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნები საქართველოში 2 263 უბანზე ტარდება. დანარჩენ უბნებზე, ასევე საზღვარგარეთ, კენჭისყრა ტრადიციული წესით იმართება.
  • საარჩევნო პროცესს აკვირდება 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი და 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი. აკრედიტებულია 199 მედიასაშუალების 2800-ზე მეტი წარმომადგენელი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG