სამოქალაქო ორგანიზაციების კოალიციურმა სადამკვირვებლო მისიამ - “ჩემი ხმა” 25-მდე უბანზე ამოაჩინა, რომ ამომრჩევლებს ერთზე მეტი ბიულეტენი გადაეცემოდათ, მათ შორის - კახეთის რეგიონსა და აჭარაში. ასევე დაფიქსირდა ორი ბიულეტენით ხმის მიცემის მცდელობა სამ საარჩევნო ოლქში.
“ცხადია, ეს გაყალბების მაღალ რისკებს ქმნის. მსგავსი შემთხვევები გამოიწვევს შემაჯამებელ ოქმებში ბალანსის დადგენის პრობლემას. შესაძლებელია, აღნიშნული, ასევე, მიზნად ისახავდეს საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობის საფუძვლის ხელოვნურად შექმნას ან სხვა ტიპის მანიპულაციას”, - აღნიშნავს “ჩვენი ხმა”.
კოალიციის მეთვალყურეების ინფორმაციით, გარკვეულ საარჩევნო უბნებზე, ვერიფიკაციის აპარატების განლაგების გამო, დამკვირვებლებს არ ეძლევათ რეგისტრატორის საქმიანობის დაკვირვების შესაძლებლობა. ასევე, ინფრასტრუქტურის/ტექნიკის არახელსაყრელი განლაგების გამო, დამკვირვებლებს არ ჰქონდათ ვერიფიკაციის აპარატის დაკვირვების შესაძლებლობა. ასეთი დარღვევები გამოვლინდა არაერთი ოლქის არაერთ უბანზე.
ეს დარღვევები გამოვლინდა მე-13 ოლქის 25-ე უბანზე, მე-12 ოლქის მე-4 უბანზე, 21-ე ოლქის 52-ე უბანზე, მე-20 ოლქის 54 უბანზე, მე-7 ოლქის მე-13 და მე-14 უბნებზე, მე-5 ოლქის 46-ე უბანზე, 64-ე ოლქის პირველ და 32-ე უბნებზე.
გამოვლინდა სხვა ინციდენტებიც:
- დამკვირვებლის/წარმომადგენლის/მედიის უფლებების უკანონო შეზღუდვა,
უბანზე დამკვირვებლების დაშვებასთან დაკავშირებული პრობლემები - როცა
“დამკვირვებლებს არ ეძლევათ ფოტო და ვიდეო გადაღების შესაძლებლობა”.
- ხმის მიცემის პროცედურის დარღვევა - როცა ხმის მიმცემ კაბინებში ამომრჩევლები თანმხლებ პირებთან ერთად შევიდნენ. ფაქტები გამოვლინდა თბილისსა და ცალკეულ რეგიონებში - “ბათუმში 79.02 [უბნის] კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევით შეყვა უსინათლო ამომრჩეველს ხმის მიცემის კაბინაში დახმარების მიზნით”.
ქართული სამოქალაქო ორგანიზაციების კოალიციური სადამკვირვებლო მისია - “ჩემი ხმა” 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებს მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა საარჩევნო ოლქში აკვირდება. მისია აერთიანებს 2000-მდე ადამიანს. მათ შორის, საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე დაკვირვებაში ჩართულია 200 მოქალაქე. კოალიციის დამკვირვებლები საარჩევნო პროცესს ყველა საარჩევნო ოლქში, აგრეთვე ცესკოში აკვირდებიან. 73 საარჩევნო ოლქში მუშაობს 133 მობილური ჯგუფი. დამკვირვებლები დღის განმავლობაში ინფორმაციას რეგულარულად გვაწვდიან როგორც საარჩევნო უბნებზე არსებული პროცესის, ასევე კონკრეტული დარღვევებისა და ინციდენტების შესახებ.
საქართველოს ისტორიაში პირველად, ქვეყნის მოქალაქეები პარლამენტის 150 დეპუტატს მხოლოდ პროპორციული სისტემით ირჩევენ.
პარლამენტის მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%-ს მაინც.
ქვეყნის ისტორიაში პირველად ამომრჩეველთა თითქმის 90% ხმას ელექტრონული საშუალებების გამოყენებით აძლევს. ხმის უფლების მქონე მოქალაქე ბიულეტენზე მოცემული 18 პოლიტიკური პარტიიდან ირჩევს ერთს, რისთვისაც შესაბამისი პარტიის წინ არსებული წრის შიდა სივრცე უნდა გააფერადოს.
საარჩევნო პროცესს აკვირდება 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი და 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი. აკრედიტებულია 199 მედიასაშუალების 2800-ზე მეტი წარმომადგენელი.
კენჭისყრა 20:00 საათზე დასრულდება, თუმცა ამ დროისთვის რიგში დარჩენილ ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ.
ფორუმი