Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ეცდებიან, ფსიქოლოგიურად დაგვზაფრონ" - პრეზიდენტი ცესკოს სტრატეგიული ობიექტების ნუსხაში შეყვანაზე


სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა ცესკოს შენობის სტრატეგიული ობიექტების ნუსხაში შეყვანას წინასაარჩევნოდ.

ორბელიანების სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე, რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა მას ჰკითხა, წყლის ჭავლის მანქანების შეძენასა და სტრატეგიული ობიექტების ნუსხის განახლებაზე საუბარი მიუთითებს თუ არა მთავრობის მხრიდან ძალის დემონსტრირებაზე. პრეზიდენტმა კითხვას ასე უპასუხა:

"მიუთითებს იმაზე, რომ ფსიქოლოგიურად ეცდებიან ჩვენ დაგვზაფრონ, ჩაგვაყენონ სწორედ იმ დაძაბულ მდგომარეობაში. არავინ არ ვაპირებთ გადატრიალებას, ცესკოს შენობა იყოს სადაც არის, ცესკომ დადოს არჩევნების რეალური შედეგები და ყველა კმაყოფილი იქნება".

დღეს, 24 ოქტომბერს, არჩევნებამდე სამი დღით ადრე, მთავრობამ დაამტკიცა სტრატეგიული ობიექტების შესახებ დადგენილება. ამ ობიექტების ჩამონათვალშია ცესკოს, სასამართლოების, მთავრობის ადმინისტრაციისა და სხვა სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულების შენობები, მათ შორის საპატრიარქოც კი.

საქართველოს მთავრობის №361 დადგენილებას ხელს აწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. მასში წერია, რომ სტრატეგიული ობიექტების ნუსხა განისაზღვრა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ორი მუხლის მიზნებისთვის:

  • სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლში წერია, რომ სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება, რამაც შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ამ დაწესებულების ან ობიექტის ნორმალური მუშაობა, ისჯება ორ წლამდე პატიმრობით. იგივე ქმედება ჯგუფურად კი - ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობით;
  • სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება ტერორისტული მიზნით ისჯება 10-დან 15 წლამდე პატიმრობით.

დღესვე ვახტანგ გომელაური პრემიერ ირაკლი კობახიძესთან ერთად ეწვია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეციალური ოპერაციების მთავარი სამმართველოს ახალ ბაზას, სადაც განაცხადა, რომ შეიძინეს წყლის ჭავლის ახალი მანქანები.

"მოეწყო სასწავლო ოთახები, შევიძინეთ ახალი აღჭურვილობა და ტექნიკა, მათ შორის წყლის ჭავლის მანქანები. დიდი ხნის წინ, წინა მთავრობის დროს შეძენილი მანქანები იყო და ჩვენ დავამატეთ, განვაახლეთ. განახლდა სპეცრაზმის შეიარაღება“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ცესკოს შენობის მიმდებარე ტერიტორიის ნაწილს რკინის ჯებირი შემოარტყეს. ინფორმაცია ამის შესახებ უწყების პრესსამსახურმა 17 აგვისტოს გაავრცელა. მასში ეწერა, რომ „26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესი აქტიურ ფაზაშია და საარჩევნო ადმინისტრაცია ამ მიზნით სხვადასხვა აქტივობებს ახორციელებს“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG