დღეს, 23 ოქტომბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი აქციის გამართვას გეგმავს.
მმართველი პარტიის ძირითადი ღონისძიების დაწყებამდე, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები თავისუფლების მოედნის მიმართულებით გაემართნენ.
წინა რიგებში დგანან „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის უმცროსი შვილი ცოტნე ივანიშვილი, ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი („ქართული ოცნების“ პარტიული სიის მე-10 ნომერი), პარამკლავჭიდელი ვახტანგ ახობაძე და საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები.
„უბრალოდ, როგორც რიგითი ქართველი ახალგაზრდა, ვგრძნობ პასუხისმგებლობას ჩემი ქვეყნის წინაშე. მე ვთვლი, რომ უნდა დავიცვათ ჩვენი ოჯახური ღირებულებები, ჩვენი მშვიდობა, ნათელი მომავალი და მხარი დავუჭიროთ „ქართულ ოცნებას“. ომსა და მშვიდობას შორისაა არჩევანი. მმართველი პარტია ძალიან კარგ აქცენტებს აკეთებს. მე ყველა აქცენტს მხარს ვუჭერ და ვეთანხმები“, - უთხრა ტელეკომპანია „იმედს“ ცოტნე ივანიშვილმა.
„ქართული ოცნების“ საარჩევნო ღონისძიებაზე რეგიონებიდანაც ჩამოვიდნენ მმართველი პარტიის წევრები და მხარდამჭერები, აქტივისტები და საჯარო მოხელეების ნაწილი. ტრანსპორტის პარკირებისთვის მათ გამოიყენეს რესპუბლიკის მოედანი, სადაც საავტომობილო მოძრაობა მმართველი პარტიის ღონისძიების გამო შეზღუდულია.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ სხვა წინასაარჩევნო ღონისძიებებზე, რომლებიც რეგიონულ ცენტრებში გაიმართა, ამომრჩეველს მიმართავდნენ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და გენერალური მდივანი კახა კალაძე, რომელიც ამავდროულად არის თბილისის მერიც.
ფორუმი