აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია დღეს, 21 ოქტომბერს, დაიწყო.
NDI-ს დელეგაცია შედგება 22 პოლიტიკური და სამოქალაქო ლიდერის, საარჩევნო ექსპერტისა და რეგიონის სპეციალისტისგან, რომლებიც ცხრა სხვადასხვა ქვეყნიდან არიან. ორგანიზაციის ცნობით, დელეგაციის წევრები შეუერთდებიან ექვს თემატურ გრძელვადიან ანალიტიკოსს, რომლებმაც საქართველოში წინასაარჩევნო გარემოზე დაკვირვება ივლისში დაიწყეს.
დელეგაციას გაუძღვებიან:
- ტომ მალინოვსკი, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი კონგრესმენი და სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის მიმართულებით;
- პერ ეკლუნდი, ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოში;
- თამარა კოფმან ვიტესი, NDI-ის პრეზიდენტი.
„ეს პირველი არჩევნებია მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი გააკეთა, - თქვა საქართველოში მყოფმა ტომ მალინოვსკიმ და დაამატა, - ეს საქართველოს მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, გადაწყვიტონ თავიანთი ქვეყნის გეზი. ამავდროულად, ეს არის შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისა და ყველა პოლიტიკური აქტორისთვის, დემოკრატიული პროცედურების და ღირებულებების მიმართ ერთგულება დაამტკიცონ”.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვედრებს გამართავს სხვადასხვა აქტორთან, მათ შორის ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან (ცესკო), ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან, ადგილობრივ დამკვირვებლებსა და პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელებთან.
NDI-ის ცნობით, დელეგაცია არჩევნების დაკვირვებისას განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ საკითხებზე: საარჩევნო ადმინისტრაცია, კანონმდებლობა, საინფორმაციო და მედიაგარემო, პოლიტიკური კლიმატი და საარჩევნო კამპანიების გარემო, ასევე საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ინკლუზია საარჩევნო პროცესებში როგორც კანდიდატებთან, ასევე ამომრჩევლებთან მიმართებაში.
არჩევნების დღეს, საარჩევნო მისია დააკვირდება საქართველოს ცხრა რეგიონისა და თბილისის საარჩევნო უბნებში კენჭისყრის დღის პროცედურების ადმინისტრირებას, მათ შორის უბნების გახსნის, ხმის მიცემის, ხმის დათვლის, გადაცემისა და შედეგების გამოქვეყნების პროცესს. არჩევნების შემდეგ, მისია წარადგენს წინასწარ ანგარიშს მიგნებებითა და რეკომენდაციებით.
საქართველოში ინსტიტუტი არჩევნებს 1992 წლიდან აკვირდება.
სადამკვირვებლო მისია ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების გაძლიერების კონსორციუმის (CEPPS) პროგრამის ფარგლებში. საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს ასევე აკვირდება აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია.
ფორუმი