Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპული საბჭო: საქართველოს მთავრობის მოქმედებები საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ გზას


ევროკავშირის შტაბ-ბინა ბრიუსელში
ევროკავშირის შტაბ-ბინა ბრიუსელში

ევროპულმა საბჭომ დაადასტურა ევროკავშირის მზადყოფნა, ქართველ ხალხს მხარი დაუჭიროს მის ევროპულ გზაზე და ამასთან, კვლავ გამოხატა სერიოზული შეშფოთება საქართველოს მთავრობის მოქმედებების გამო, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუძემდებლურ ფასეულობებს და პრინციპებს.

ამის შესახებ საუბარია ევროპული საბჭოს დასკვნაში, რომელიც ევროკავშირის ლიდერებმა ბრიუსელში 17 ოქტომბერს, ღამით გამოაქვეყნეს საბჭოს ორდღიანი სხდომის პირველი დღის ბოლოს.

ევროპული საბჭოს თანახმად, მოქმედებების ასეთი კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს ევროკავშირში გაწევრების პროცესს.

ევროპული საბჭო მოუწოდებს საქართველოს, განახორციელოს ევროინტეგრაციის ძირითად პრინციპებთან შესაბამისი დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები.

ევროპული საბჭო განაგრძობს საქართველოში სიტუაციაზე ყურადღებით დაკვირვებას და მოელის, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი, სამართლიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს შეუფერხებელი წვდომა ექნებათ.

ევროპული საბჭო ხაზს უსვამს თავისუფალი, დამოუკიდებელი და პლურალისტური მედიის დაცვის საჭიროებას.

საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ხაზს უსვამს ევროკავშირის უცვლელ ერთგულებას კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისა და არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკისადმი.

ევროკავშირის უმაღლესი ორგანო, ევროპული საბჭო, რომელსაც შარლ მიშელი ხელმძღვანელობს, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მეთაურებს და ევროკომისიის პრეზიდენტს აერთიანებს. 17 ოქტომბერს გამოქვეყნებული დასკვნა ეხება სხვადასხვა საკითხს და ქვეყანას, მათ შორის ომს უკრაინაში და ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებას.

ევროკავშირი უკვე არაერთი თვეა მკაცრად აკრიტიკებს წევრობის კანდიდატი ქვეყნის, საქართველოს მთავრობის ქმედებებს და ევროპულ გზაზე დაბრუნებისკენ მოუწოდებს.

არაერთი მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. აგენტების კანონის მიღების შემდეგ და მმართველი პარტიის ანტიდასავლური განცხადებების და პროპაგანდის გამო ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს გაწევრების პროცესი, სამთავრობო ფინანსური დახმარება და უარი თქვა საქართველოს მთავრობის წევრებთან შეხვედრებზეც.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომელიც ირწმუნება, რომ ევროპული კურსი უცვლელია, ბოლო ხანს არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების და უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროკავშირთან ურთიერთობები გადაიტვირთება.

ოპოზიციური პარტიები, რომლებიც „ქართული ოცნების" ხელისუფლებას პრორუსული კურსის გატარებაში ადანაშაულებენ, საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის დამარცხებას მიიჩნევენ ევროპულ გზაზე საქართველოს დაბრუნების საშუალებად.

პარლამენტის არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG