ავტორი: ესმა გუმბერიძე
საქართველოს მოქალაქეს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ რა კარიერა შეიძლება, ელოდოს, იმაზე დავწერ ამ პოსტში. ოღონდ აქვე ვიტყვი, რომ ამ შესაძლებლობების ეთიკურობაზე არ შემედავოთ. მე უბრალოდ ჩამოვთვლი იმას, რაც გამიგია და ყველა ადამიანმა თვითონ უნდა გააკეთოს არჩევანი, რა არის მისთვის ეთიკური და რა- არა. სად გადის წითელი ხაზები. პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ადამიანის უფლებები თითქოს არაა შემოსავლიანი პროფესია, რაკი საფუძველშივე მოიაზრებს დაჩაგრულ ჯგუფებთან ურთიერთობას. მათ კი, როგორც წესი, ფინანსებიც არ აქვთ იმდენი. თუმცა რეალურად ამ განათლებით არაკომერციული სამსახურის მოძებნაც შეიძლება და- კომერციულისაც:
1. ოქროს, ალმასის, ნავთობისა და სხვა წიაღისეულების მომპოვებელი კომპანიები და სხვა მსხვილი საერთაშორისო ბიზნესიც ქირაობს ადამიანის უფლებების მიმართულებით განათლებამიღებულ კადრებს, რომ, ჯერერთი, ისე გაუმართოს აფრიკულ, აზიურ, ლათინო ამერიკულ ღარიბ ქვეყნებში მუშაობის პროცედურები, წესები და სტანდარტები, შემდეგ ვინმე რომ არ მოედავოთ ან ბავშვთა შრომის გამოყენებაზე, ან შრომით ექსპლუატაციაზე, ან ადგილობრივი მოსახლეობის დევნა-შევიწროებაზე. თორემ მამხილებელი ბევრი ყავს ასეთ ბიზნესს კეთილსინდისიერი საერთაშორისო არასამთავრობოებითა და დასავლური ტელევიზიებით დაწყებული, კონკურენტი კომპანიებისა და სახელმწიფოების (მაგ. რუსეთისა თუ ჩინეთის) ორგანიზაციებით დამთავრებული. იგივე ეხება, სხვათა შორის, გარემოსდაცვით სტანდარტებსაც. რომ ვიღაცებმა ესენი უნდა უწეროს დასავლური სახელმწიფოების მსხვილ კომპანიებს, რომლებიც ნაკლებად შემდგარ სახელმწიფოებში მუშაობენ. თუკი რამე დარღვევა მაინც დაფიქსირდა და კომპანიას უჩივლეს, ასევე ჭირდებათ ადამიანის უფლებებში გათვითცნობიერებული ადვოკატები, რომლებიც დაიცავენ მოპასუხის ინტერესებს.
2. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მაგისტრებს ასევე მშვენიერი საასპარეზო აქვთ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებში (მაგ. Amnesty International Human Rights Watch და მისთ). იქ სამუშაოდ ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება თანამშრომლის მოქალაქეობას. ხელფასები აქ, ბუნებრივია, კერძო ბიზნესს ჩამოუვარდება, მაგრამ მაინც საერთაშორისო ორგანიზაციებია.
3. ამოდენა მასშტაბის ომების ფონზე კიდევ უფრო აქტიურად ამუშავდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო. ხალხს წარედგინება ბრალდებები. საჭირო გახდება მეტი მკვლევარიც და ადვოკატებზეც გაიზრდება მოთხოვნა.
4. კონსულტირება/ფრილანსერობა. დღეს საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორც სამთავრობათშორისო ასევე არასამთავრობოები, რეგულარული თანამშრომლების გარდა და უფრო მეტადაც კი იყენებენ ე.წ "გარე კონტრაქტორებს". ადამიანებს, რომლებსაც დროებით ქირაობენ კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად (მაგ. კვლევის ჩასატარებლად). ამ ტიპის სამუშაო, როგორც წესი, შეიძლება, დისტანციურად ჩატარდეს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. კი, ხელშეკრულებები დროებითია და არასტაბილური, სამაგიეროდ სახელს თუ გაითქვამ და ხშირად აგიყვანენ, მშვენიერია. თანაც შუალედებში დაისვენებ. სადაც გინდა, იქ იცხოვრებ/იმოგზაურებ. თან მეტი თავისუფლება გექნება პირადი სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირების მხრივ, თუნდაც საჯაროდ. ისეთი შეზღუდული არ ხარ პოლიტიკაზე აზრის გამოთქმაში, როგორც მუდმივ თანამშრომლად დასაქმებულები, ვისაც ხშირად პირდაპირ კონტრაქტით ევალებათ საჯაროდ ნეიტრალიტეტის შენარჩუნება და სიჩუმე ფარულ არჩევნებზე ხმის მიცემის გარდა.
5. საერთაშორისო სამთავრობათშორისო ორგანიზაციებში (გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო) საქმიანობა. ასეთი ორგანიზაციები ძირითადად ისეა მოწყობილი, რომ იქ მუშაობა შეუძლიათ მხოლოდ ამ ორგანიზაციათა წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს. ამიტომ საქართველოს მოქალაქეს, თუ არ აქვს, მაგალითად, ნატოსა თუ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობაც, გაუჭირდება ამ გაერთიანებების ორგანიზაციებში მუშაობის დაწყება. (თუმცა რამდენიმე ასეთი მაგალითიც გამიგია თითქოს. ოღონდ ძირითადად მაინც ექსპერტებად/დამოუკიდებელ კონტრაქტორებად აყავთ). რაც შეეხება იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლების წევრიც საქართველო არის, აქაც არაა ადვილი საქართველოს მოქალაქისთვის დასაქმება. ხშირად ამ ორგანიზაციებში ვაკანსიებზე კვოტებია დაწესებული ქვეყნების მიხედვით. კვოტების დადგენისას მოიაზრება როგორც ქვეყნის მოსახლეობა, ასევე მის მიერ ორგანიზაციის სასარგებლოდ გადახდილი საწევრო შენატანი თანხის ოდენობა. მარტივად რომ ვთქვათ, რომელი ქვეყანაც მეტს იხდის, იმის მეტი მოქალაქე საქმდება. წლების წინ ვიკითხე გაეროზე და აღმოვაჩინე, რომ საქართველოსთვის განსაზღვრული კვოტა გაეროში დიდი ხანი, ათვისებულია. თანაც ასეთ ორგანიზაციებიდან დენადობა ძალიან დაბალია. ხალხი ათწლეულობით იქ მუშაობს. გარანტირებული სამსახურებია. დაცული. თავისი ჯანმრთელობის დაზღვევით, დასვენების დღეებით. რთულია იქიდან ადამიანის გაგდებაც. თუმცა ამ ბოლოს გაეროში შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო ახალ თანამშრომლებს უფროდაუფრო ხშირად უფორმებენ დროებით კონტრაქტებს. შარშან გაეროს ჟენევის ოფისში ვიარე რამდენიმე დღე. ფეხის პირველივე შედგმისას, როგორცკი იქაურ თანამშრომელს დავუწყე საუბარი )კონკრეტული სივრცის პოვნაში დახმარება დაგვჭირდა) ეგრევე ალაპარაკდა კრიზისზე, დაფინანსების შემცირებაზე. ხშირად ქვეყნები გაეროსა თუ სხვა გაერთიანების რომელიმე პროექტს აფინანსებენ იმ პირობით, რომ ამ პროექტის განხორციელებაში მათი მოქალაქეები იქნებიან დასაქმებულნი. კვოტების შევსების მიუხედავად მაინც არსებობს გაეროსა თუ სხვა საერთაშორისო სამთავრობათშორისო ორგანიზაციებშიც გამონაკლისები, როცა ქართველებს შეუძლიათ იქ სამსახურის დაწყება. მაგ. ისევდაისევ დამოუკიდებელ კონსულტანტებად, დროებით, რაც შემდეგ ხელშეკრულების გაგრძელებით შეიძლება, გადაიზარდოს მუდმივში. ანკიდევ რამდენიმე დეპარტამენტია, სადაც კვოტების გარეშე აყავთ კადრები მრავალფეროვნების დაცვის მიზნით თუნდაც ისეთი ქვეყნებიდან, ცოტას რომ იხდიან. ზოგჯერ შეიძლება, თვითონ პროექტის დამფინანსებელმა პირიქით კეთილი ნება გამოიჩინოს და არ შეზღუდოს იქ დასასაქმებელ პირთა ოდენობა მხოლოდ თავისი მოქალაქეებით. მოკლედ მსხვილი ორგანიზაციებია, რთული სისტემები და შესაძლოა იქ გარკვეული პერსპექტივის უცებ აღმოჩენა.
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მაგისტრის ხარისხით საქართველოშიცაა შესაძლებელი დასაქმება.
1. პირველ რიგში გაეროსა თუ ქვეყანაში მოქმედ სხვა საერთაშორისო სამთავრობათშორისო ორგანიზაციებში. გასაგებია, რომ ვაკანსიების რაოდენობა მცირეა. მითუმეტეს, რომ კადრები უკვე ყავთ დაგროვილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან მოყოლებული. დენადობა დაბალია, ახალი პოზიციები კი იშვიათი. თუმცა ზოგჯერ მაინც იხსნება. გავრცელებულია მითი, თითქოს ასეთ ორგანიზაციებში ხელფასები მსოფლიოს ყველა წერტილში ევროპული/ამერიკული უნდა იყოს. ასე არაა. ადგილობრივ კადრებს ხშირად ნაკლებს უხდიან, ვიდრე, იგივე ამერიკელ-ევროპელებს მარტივი მიზეზის გამო: ამერიკელს/ევროპელს თავის ქვეყანაში ყავს სარჩენი ოჯახი, გადასახდელი საბანკო კრედიტები, გადასახადები და სხვა ხარჯები. ანუ ის მაინც თავისი ქვეყნის დანახარჯებს ატარებს. შესაბამისად სადაც ცხოვრება უფრო ძვირია, იმ ქვეყნის მოქალაქეს მეტი უნდა გადაუხადო, თუ გინდა, რომ მან შენთან იმუშავოს. მითუმეტეს, რომ პირიქით, თავის ქვეყანაში არაა და მეტი მოტივაცია უნდა მისცე, სხვაგან გადმოცხოვრებას რომ დათანხმდეს სამსახურის გამო. ქართველებს, აქედან გამომდინარე, აქვთ საქართველოსთვის საკმაოდ მაღალი, თუმცა "ქართულად" და არა, სიტყვაზე, "ამერიკულად" მაღალი ხელფასები.
2. შესაძლოა არასამთავრობოებში დასაქმებაც, თუმცა აწი უცხოური დაფინანსების მიმღებ არასამთავრობოებს (და ამ განათლების მქონეთა პოტენციური დამსაქმებელი ორგანიზაციების უდიდესი უმრავლესობა დაფინანსებას სწორედ უცხოეთიდან იღებს) აგენტები დაერქვა და მათი ბედი ცხადი არ არის.
3. უნივერსიტეტებში სწავლება. ეს შესაძლებლობა საქართველოშიც არსებობს და სხვა ქვეყნებშიც ქართველი მოქალაქეებისთვის. ოღონდ უცხოეთში უფრო ადვილი იქნება თანამშრომლად დარჩენა იქ, სადაც ისწავლეთ, ვიდრე სულ ახალ უნივერსიტეტში მისვლა. რა თქმა უნდა, თუკი უნივერსიტეტში მისვლამდე მდიდარი გამოცდილება სხვა თანამდებობებზეც არ დააგროვეთ.
4. საჯარო სამსახურში (მაგ. პარლამენტი, იუსტიციისა თუ საგარეო საქმეთა სამინისტროები). თუმცა აქ კვლავ უნდა, ავღნიშნო, რომ საჯარო სამსახურებშიც არაა კადრების იმოდენა დენადობა, რამდენიცაა დასაქმების მსურველი. საგარეო საქმეთა სამინისტროზე დამატებით ვიცი, რომ საკმაოდ დაბალი ხელფასებით გამოირჩევა საქართველოში მომუშავე თანამშრომლებისთვის, რადგან ფულის დიდი ნაწილი მიაქვს უცხოეთში საელჩოების რჩენას. ამერიკაში, შვეიცარიასა თუ სხვა ძვირადღირებულ ქვეყანაში საელჩოს თანამშრომელს ხომ იმდენი უნდა გადაუხადო, იქაურ ხარჯს რომ გაწვდეს? საცხოვრებელიც ხომ უნდა უქირავო? საელჩოს ქირაც გადაიხადო. სხვათა შორის, აგერ, ღარიბი სახელმწიფოსთვის არსებული კიდევ 1 ბარიერი და უთანასწორობა: მასში მომუშავე მაღალგანვითარებული ქვეყნის მოქალაქეს იმ მაღალგანვითარებული ქვეყნის ხელფასს უხდიან იმის მიუხედავად, რომ ადგილზე ნაკლები ხარჯი აქვს. სამაგიეროდ ღარიბმა ქვეყანამ მდიდარ ქვეყანაში მომუშავე თავის კადრს იმ მდიდარი ქვეყნის სტანდარტით უნდა გადაუხადოს, მან თავის გატანა რომ შეძლოს. თუმცა ანაზღაურების სიმცირის მიუხედავად შეიძლება, დამწყებ პროფესიონალს მაინც უღირდეს საგარეო საქმეთა სამინისტროში წასვლა. დიპლომატიური კარიერის პერსპექტივაა... პრესტიჟია... განსაკუთრებით სხვა შემოსავალი თუ აქვს საარსებოდ და სამსახური თავის გატანისთვის არ ჭირდება. ისიც მაქვს გაგონილი ამ სტრუქტურაზე, რომ რაკი ბევრი ისეთი ადამიანი მუშაობს იქ, ვისთვისაც ის დაბალი ხელფასი შემოსავლის ძირითადი წყარო არაა, ძალიან ბევრს ხარჯავენ ერთმანეთის დაბადების დღეებზე, ქორწილებზე, ნათლობებზე, კორპორატივებზე. შესაბამისად იქ დასაქმების მსურველ უფრო გაჭირვებულ ადამიანს უდგას დილემა: ან არ ჩაერთოს თანამშრომლების გამაერთიანებელ სოციალურ ღონისძიებებში, დარჩეს კოლექტივიდან გარიყული, რაც საბოლოოდ მათ შორის მის კარიერულ დაწინაურებასაც ხელს შეუშლის. არ ეცოდინებათ ის პიროვნულად, ნაკლები ნდობა ექნებათ. ანკიდევ მთელი შემოსავალი დახარჯოს სამსახურს გარე ძვირადღირებულ ჩართულობებზე, სახლში კი არაფერი მიიტანოს და იქნებ, სახლიდან აქეთაც მოუწიოს თანხების დამატება.
და ბოლოს: ზემოჩამოთვლილთაგან ვერცერთი შესაძლებლობითაც რომ ვერ ისარგებლოთ, აკადემიური განათლება მაინც მოგცემთ ინფორმაციის მოძიების, წაკითხულის გააზრების უნარებს, რომლებიც სხვა ნებისმიერ პროფესიაში გამოგადგებათ და კვალიფიკაციის გამოცვლა ნაკლებად გაგიჭირდებათ.
ფორუმი