აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოთხშაბათს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში გამოაცხადა უკრაინის დახმარების ახალი 425 მლნ დოლარის მოცულობის პაკეტის შესახებ. როგორც თეთრი სახლის პრესსამსახური იტყობინება, პაკეტში შევა საჰაერო თავდაცვის საშუალებები, საავიაციო ჭურვები და ჯავშანმანქანები.
„უახლოესი თვეების განმავლობაში აშშ უკრაინას გადასცემს რამდენიმე ახალ საშუალებას, მათ შორის საჰაერო თავდაცვის ასობით რაკეტას, საჰაერო თავდაცვის ათობით ტაქტიკურ სისტემას, ასობით ჯავშანტრანსპორტიორსა და ქვეითთა საბრძოლო მანქანას“, - ნათქვამია თეთრი სახლის პრესრელიზში.
აშშ-ის პრეზიდენტის პრესსამსახურმა ასევე განაცხადა, რომ ბაიდენი ნოემბერში უკრაინის მოკავშირეთა მორიგ შეხვედრას გამართავს „რამშტაინის“ ფორმატში. ეს შეხვედრა რამდენიმე დღის წინ უნდა გამართულიყო გერმანიაში, მაგრამ გადაიდო, ვინაიდან ბაიდენი ამერიკაში დარჩა ფლორიდაში მოახლოებული გრიგალი „მილტონის“ გამო.
თავის მხრივ ზელენსკიმ ბაიდენთან სატელეფონო საუბრის შესახებ განაცხადა, რომ ამერიკის პრეზიდენტს შესთავაზა „იარაღის ერთობლივი წარმოების განხილვა“, ასევე ისაუბრა „უკრაინის სამხედროთა დამატებითი გაწვრთნის მნიშვნელობაზე“.
ფორუმი