„სამწუხაროდ, არხის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ დანიშნული დირექტორის, გოგი ქურდაძის გამოგონილი ბრალდებები ემსახურება ერთადერთ მიზანს - ხელოვნურად შეუქმნას პრობლემები ქვეყნის ყველაზე გავლენიან კრიტიკულ არხს და, შედეგად, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე შეწყდეს მისი მაუწყებლობა, რაც მხოლოდ და მხოლოდ „ოცნების“ რუსული რეჟიმის ინტერესებს ემსახურება“, - წერია „მთავარი არხის“ განცხადებაში, რომელიც საპასუხოდ გავრცელდა.
„რუსთავი 2-ის" ინფორმაციაში ნახსენებია „მთავარი არხის“ პარტნიორი კომპანია „ნიუ სეილსი“, როგორც თანხის გამტარი რგოლი. ეს კომპანია ცრუ ბრალდებებს უწოდებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას. „ნიუ სეილსის“ განცხადებიდან ირკვევა, რომ მათ კომუნიკაცია ჰქონდათ გიორგი ქურდაძესთან.
„ნიუ სეილსმა“ 2024 წლის 13 სექტემბერს გოგი ქურდაძეს ვრცელი, ამომწურავი და დეტალური პასუხი გასცა ყველა, ხაზს ვუსვამთ, ყველა ბრალდებაზე, რის შემდეგაც საღი აზრის მქონე ადამიანს არ უნდა დარჩენოდა კითხვები“, - წერია კომპანიის განცხადებაში.
„მთავარ არხის“ თანადირექტორის ბრალდებების შესახებ ინფორმაცია გაშუქდა „იმედის“ ეთერშიც.
გიორგი ქურდაძე „მთავარი არხის“ თანადირექტორია 2024 წლის 1 მარტიდან, როცა ეს თანამდებობა დატოვა არხის დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ. გიორგი ქურდაძე არხის ერთ-ერთი მეწილის, ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის წარმომადგენელია.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ზაზა ოქუაშვილსა და გიორგი ქურდაძეს. მათ სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.
ფორუმი