Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუსი: არჩევნების წინ „პროვოკაცია" მზადდება „ყალბი ჩანაწერების” გავრცელებით


საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური(სუსი) აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ „ყალბი ჩანაწერების” გავრცელება იგეგმება.

სუსის მიერ დღეს, 16 ოქტომბერს, გამოქვეყნებული ინფორმაციით, „პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალისფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას”.

სუსის თანახმად, „ყალბ ჩანაწერებში იქნება გამოყენებული საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეო გამოსახულება”, მიზანი კი არის „ხელისუფლების შტოებს შორის დაპირისპირების გამოწვევა, აგრეთვე ხელისუფლებასა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის შუღლის ჩამოგდება და ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის ურთიერთობის გაუარესება”.

სუსის განცხადებითვე, „ფალსიფიკაციის შედეგად მიღებული საინფორმაციო მასალის გამავრცელებლები, მათ მიერ შექმნილ ყალბ ჩანაწერებს საზოგადოებას წარუდგენენ, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილ ინფორმაციას”.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური „პროვოკაციის მთავარ მიზნად” ასახელებს „საპროტესტო მუხტის ხელოვნურად შექმნას და აგორებას” და ქვეყანაში „დესტაბილიზაციის კერების გაჩენას, რაც საბოლოოდ გამოყენებული იქნება პოლიტიკური მიზნებისთვის”.

სუსის განცხადებით, ყურადღებით აკვირდებიან ამ ჯგუფების საქმიანობას და კანონდარღვევის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებულ ზომებს მიმართავენ.

რომელ პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებულ რა ჯგუფებზეა საუბარი, დაკონკრეტებული არ არის.

დასავლელ პარტნიორებთან საქართველოს ხელისუფლების ურთიერთობა ისედაც მკვეთრად გაუარესებულია ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებების, მათ შორის ე.წ. აგენტების კანონის და ლგბტ თემის უფლებების შემზღუდავი კანონის მიღების და „ქართული ოცნების" ანტიდასავლური განცხადებების გამო.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება.

24 ივლისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოში იგეგმებოდა პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობა.

სუსი „იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს“.

ადრე ზეპირად გაკეთებული არაერთი მსგავსი განცხადება „ანტისახელმწიფოებრივ შეთქმულებათა“ გამოძიების შესახებ, არასდროს დასრულებულა დამნაშავეთა დაკავებით და სასამართლო პროცესით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG