ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტი ტექნიკური მთავრობის შემადგენლობას არჩევნებამდე წარადგენს. სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციას სთხოვა, კიდევ ერთხელ დაედასტურებინა, რომ "ქართულ ქარტიაში" გაწერილი ვალდებულებების ერთგულია.
„კოალიციამ ცვლილებისთვის“ 13 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ პრეზიდენტის ეს ინიციატივა „სრულ შესაბამისობაშია“ "ქარტიასთან". კოალიცია აცხადებს, რომ მათ ხელმოწერით დაადასტურეს ვალდებულება, სრულად შეასრულონ "ქართული ქარტიით" გათვალისწინებული ყველა პუნქტი. „შესაბამისად, მხარს ვუჭერთ პრეზიდენტის ინიციატივას“, - ნათქვამია განცხადებაში.
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ასევე დაადასტურა თავისი პარტიის ერთგულება "ქარტიის" მიმართ. „დემოკრატიულ, პროდასავლურ პარტიებთან ერთად არჩევნების შემდეგ შევკრავთ კოალიციურ ხელისუფლებას“, - თქვა მან.
"ძლიერი საქართველოს" წევრმა თაზო დათუნაშვილმა განაცხადა, რომ კოალიცია "ქარტიის" ერთგული რჩება, თუმცა მთავრობის კონფიგურაციის შესახებ გადაწყვეტილება არჩევნების შემდეგ უნდა გაკეთდეს.
პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმაც განაცხადა, რომ ამ პროცესში რჩებიან. "და პროცესში დარჩენა ნიშნავს იმას, რომ ეს პროცესი "ქარტიის" ირგვლივ არის შექმნილი და ბუნებრივია, ამ პროცესში მონაწილეობას ვიღებთ.” თუმცა მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ არჩევნებამდე ტექნიკური მთავრობის კანდიდატების დასახელება შეიძლება რისკის შემცველი იყოს - ამან შეიძლება გამოიწვიოს “საარჩევნო პროცესის თავდაყირა დაყენება, კომუნიკაციის შეფერხება მოქალაქეებთან და პარტიების სხვა საკითხებით დაკავება”.
სალომე ზურაბიშვილი გასული კვირის განმავლობაში, მისი თქმით, გასული დღეების განმავლობაში ოთხ ოპოზიციურ პარტიასთან („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო“, „საქართველოსთვის“) მართავდა შეხვედრებს, რათა მათ კიდევ ერთხელ დაედასტურებინათ, რომ ქარტიაში გაწერილი ვალდებულებების ერთგულნი არიან. მათ შორის იმის, რომ პრეზიდენტი დაასახელებს ტექნიკურ მთავრობას. სალომე ზურაბიშვილის თქმით, სწორედ ამ პუნქტთან დაკავშირებით არსებობს სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია ოპოზიციაში.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არჩევნებამდე აპირებს ტექნიკური მთავრობის წარდგენას. „მე ვთვლი, რომ წარდგენილი უნდა იყოს არჩევნებამდე, რადგან საზოგადოებამ იცოდეს, ვინ იქნება პასუხისმგებელი მთავრობაში და ვინ წაიყვანს, პარლამენტის კონტროლის ქვეშ, ამ ქვეყანას ქარტიის გზას“, - თქვა მან.
სალომე ზურაბიშვილმა თავისი ინიციირებული „ქართული ქარტია“ 26 მაისს წარადგინა. ის ითვალისწინებს რეფორმების გატარებას ათზე მეტ სფეროში. მასზე ხელმომწერი პარტიები პასუხისმგებლობას იღებენ, რომ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, "ქარტიის" პირობებს შეასრულებენ.
ფორუმი