Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ რუსეთში დრონებით შეუტია, სავარაუდოდ, კიდევ ერთ სამხედრო ობიექტს


საილუსტრაციო ფოტო. უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი
საილუსტრაციო ფოტო. უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი

უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთის ტერიტორიაზე შეუტია, სავარაუდოდ, კიდევ ერთ სამხედრო ობიექტს.

დღეს, 10 ოქტომბერს, დილიდან სოციალური ქსელებით ვრცელდება არაერთი ვიდეო და ცნობები, რომ დრონებით დარტყმა იყო ადიღეს რესპუბლიკის დასახლებულ პუნქტ ხანსკაიასთან მდებარე სამხედრო აეროდრომზე. ერთ-ერთი წყარო, რომელიც აეროდრომზე შეტევის შესახებ წერს, ტელეგრამ-არხი ASTRA-ა.

სამხედრო აეროდრომი ადიღეს რესპუბლიკის დედაქალაქ მაიკოპიდან ექვს კილომეტრში მდებარეობს. ადგილობრივი ხელისუფლება დრონებით დარტყმის შესახებ ჯერ არაფერს იუწყება. ამ ობიექტზე შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს უკრაინასაც.

9 ოქტომბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე დაარტყეს კრასნოდარის მხარის ეისკის რაიონში მდებარე ბაზას, სადაც დრონები ინახებოდა, ხოლო ბრიანსკის ოლქში - რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სარაკეტო-საარტილერიო სამმართველოს 67-ე არსენალს, სადაც ინახებოდა სარაკეტო-საარტილერიო შეიარაღების საბრძოლო მასალები, მათ შორის ჩრდილოკორეული.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამ ობიექტებზე შეტევის შესახებ არაფერი უთქვამს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG