ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა 6 ოქტომბერს გააფრთხილა ირანი, რომ მასაც იგივე მოელის, რაც ღაზას და ლიბანს, თუ ისლამური რესპუბლიკა ისრაელისთვის ზიანის მიყენებას შეეცდება.
„ირანელები სამხედრო-საჰაერო ძალებს ვერ შეეხნენ, არცერთი თვითმფრინავი არ დაზიანებულა, არცერთი დანაყოფი არ გამოსულა მწყობრიდან“, - ნათქვამია გალანტის განცხადებაში. მისი კომენტარი ეხებოდა ირანის საჰაერო იერიშს ისრაელის მიმართულებით, რაც, როგორც ირანი აცხადებს, პასუხი იყო თეირანში ჰამასის (აშშ-სა და ევროკავშირში გამოცხადებულია ტერორისტულ დაჯგუფებად) პოლიტიკური მეთაურის, ასევ ბეირუთში ჰეზბოლას ხელმძღვანელის და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის მოკვლაზე. ამ თავდასხმის დროს დაიღუპა ერთი პირი იორდანეს დასავლეთ ნაპირზე და რაკეტა მოხვდა ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების ორ ბაზას.
ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს კანცელარიამ გაავრცელა ცნობა, რომ მან 6 ოქტომბერს მოინახულა ჯარები ლიბანის საზღვართან, ერთ კვირაში მას მერე, რაც ისრაელის არმიამ ჰეზბოლას წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაცია დაიწყო ლიბანის სამხრეთში.
ისრაელის საჰაერო ძალებმა 6 ოქტომბერს მასიური საჰაერო დარტყმები მიაყენეს ლიბანის სამხრეთ რაიონებს. ისრაელმა განაცხადა, რომ განახორციელა "მიზანმიმართული დარტყმების" სერია "იარაღის საწყობებზე" და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე, რომლებიც ეკუთვნის ჰეზბოლას.
ჰეზბოლა აშშ-ის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებადაა გამოცხადებული, ევროკავშირმა კი "შავ სიაში" შეიყვანა მხოლოდ მისი გასამხედროებული ნაწილი და არა პოლიტიკური ფრთა, რომელსაც ადგილები აქვს ლიბანის პარლამენტში.
ფორუმი