Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Financial Times-ი: ისრაელი და აშშ განიხილავენ ირანზე საპასუხო შეტევის შესაძლებლობას


ISRAEL-LEBANON-PALESTINIAN-CONFLICT
ISRAEL-LEBANON-PALESTINIAN-CONFLICT

აშშ-ისა და ისრაელის წარმომადგენლებმა ბოლო დღეებში გამართეს მოლაპარაკებები, რომლის დროსაც განიხილეს ისრაელის შესაძლო თავდასხმა ირანის სამხედრო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე - 1 ოქტომბერს ირანის მიერ ისრაელის ტერიტორიის დაბომბვის საპასუხოდ. ამის შესახებ წერს Financial Times-ი წყაროებზე დაყრდნობით. გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, ვაშინგტონი ცდილობს ისრაელის შესაძლო საპასუხო ზომების შეზღუდვას ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის კიდევ უფრო გაფართოების თავიდან აცილების მიზნით.

ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნა, რომ აშშ არ გეგმავს, შეუერთდეს ირანზე თავდასხმას და იმედს გამოთქვამს, რომ ისრაელი წონასწორობას შეინარჩუნებს. ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა დააზუსტა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს თეირანის პასუხი, ისრაელს ჯერ არ მიუღია.

Financial Tiimes-თან საუბარში, ევროპელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ისრაელს სთხოვეს, არ განეხორციელებინა შეტევა ირანის ნავთობისა და ატომურ საწარმოებზე, მაგრამ არ არსებობს იმის გარანტია, რომ ისრაელის მხარე ამ თხოვნას შეასრულებს. იმის შესახებ, რომ აშშ განიხილავს ისრაელთან ირანის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს თეირანის სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ, ხუთშაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც განაცხადა. ბაიდენის სიტყვებმა მსოფლიოში ნავთობის ფასების ზრდა გამოიწვია.

თავის მხრივ, The New York Times-ი, ირანულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ თეირანმა, ისრაელის შესაძლო თავდასხმის წინ, რუსეთს თანამგზავრების დაზვერვის სფეროში თანამშრომლობის თხოვნით მიმართა. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ისრაელს დაემუქრა, რომ პოტენციური დარტყმის შემთხვევაში, საპასუხოდ იერიშს მიიტანს ისრაელის სამ ელექტროსადგურსა და რამდენიმე ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG