Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს უკანონოდ დაკავებული რამაზ ბეღელური


საილუსტრაციო ფოტო. საოკუპაციო ხაზი
საილუსტრაციო ფოტო. საოკუპაციო ხაზი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ციხიდან გაათავისუფლეს სოფელ გუგუტიანთკარის მკვიდრი რამაზ ბეღელური. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, 4 ოქტომბერს იგი ქართულ მხარეს ერგნეთის საგუშაგოსთან გადასცეს. "კაგებეს" ცნობით, რამაზ ბეღელური აპრილში ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს. ივნისში მას სასამართლომ რვათვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

„4 ოქტომბერს სასჯელის ვადის ამოწურვის გამო ის გაათავისუფლეს და დადგენილი წესით, ქართულ მხარეს გადასცეს“, - წერია "კაგებეს" მიერ გავრცელებულ ცნობაში.

ადგილობრივი "კანონმდებლობის" მიხედვით, მსჯავრდადებულებს ციხეში გატარებული ორი დღე სამ დღედ ეთვლებათ.

რამაზ ბეღელურის გათავისუფლება დაადასტურა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც. უწყების ცნობით, რამაზ ბეღელურის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. საკითხი განიხილებოდა როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში გამართულ შეხვედრებზე, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მცხოვრები, 40 წლის რამაზ ბეღელური, საოკუპაციო ძალების უკანონო პატიმრობაში მეხუთედ იყო. მისი ბოლო დაკავების შესახებ ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიმდინარე წლის 29 აპრილს გაავრცელა. ინფორმაციაში ეწერა, რომ ბეღელური ოკუპირებულ დისევთან დაიჭირეს. დაკავებულის დედა ნორა ბეღელური ამბობდა, რომ მისი შვილი სოფლის სასაფლაოზე ძმის საფლავის გასასუფთავებლად იყო და ამის შემდეგ დაიკარგა მისი კვალი. ცნობილია, რომ ბეღელურის ჯანმრთელობის მდგომარეობა წინა დაკავებების შემდეგ გაუარესდა, მას არაერთხელ სცემეს ცხინვალში.

2021 წლის აპრილში, ცხინვალში ორთვიანი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, რამაზ ბეღელურმა ჟურნალისტებს უამბო, რომ პირველი და მეორე დაკავებისას ავტომატის კონდახებით სცემეს, მესამე დაკავებისას აღარ უცემიათ, მაგრამ მეოთხედ უკვე რკინის გასაღებებით თავი გაუტეხეს. მას შემდეგ იგი პერიოდულად კარგავს გონებას.

სოფელი გუგუტიანთკარი ოკუპირებულ დისევს და ხელჩუას ესაზღვრება. გუგუტიანთკარის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ხაზი გადის და იქ მუდმივად პატრულირებენ „ეფესბეს“ ე.წ. მესაზღვრეები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს აკავებენ და ცხინვალში გადაჰყავთ. ცხინვალის ციხის პატიმრებს ხშირად არაადამიანურად და სასტიკად ეპყრობიან. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას იქიდან გამოსული მოქალაქეების ნაწილი ღიად ელაპარაკა, ნაწილი კი ამ ფაქტს მალავს.

ამჟამად ოკუპირებული ცხინვალის ციხესა და წინასწარი დაკავების იზოლატორში საქართველოს 10 მოქალაქე რჩება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG