გერმანიის ელჩი საქართველოში 4 ოქტომბერს დაესწრო "საარჩევნო კომპასის" პრეზენტაციას, სადაც ილაპარაკა არჩევნებში აქტიურობის მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა იმას, რომ ამ ქვეყნის მომავალი საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტია.
"თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, როგორი მთავრობა გყავდეთ მომავალში და როგორი მიმართულებით გინდათ ქვეყანა წავიდეს. ეს მთლიანად თქვენი გადასაწყვეტია“, - თქვა გერმანიის ელჩმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას.
ჟურნალისტის კითხვაზე, რა მოხდება მაშინ, თუკი საქართველო, რომელთანაც ევროკავშირთან ინტეგრაციაზე მოლაპარაკებები შეჩერებულია, არჩევნების შემდეგ არ შეიცვლის საგარეო კურსს, ღიად პასუხობს, რომ ამ შემთხვევაში საქართველო არ გახდება ევროკავშირის წევრი. ჟურნალისტმა ელჩს ჰკითხა, გამოიყენებენ თუ არა ევროკავშირის წევრი ქვეყნები რაიმე მექანიზმს საქართველოს დასავლური კურსისკენ დასაბრუნებლად.
„ევროკავშირში გაწევრიანება ნებაყოფლობითია, არავის აიძულებენ ევროკავშირში გაწევრიანებას, არავინ არის ვალდებული, გაწევრიანდეს ევროკავშირში. საქართველომ განაცხადი შეიტანა ევროკავშირში გაწევრიანებაზე. თუ ამ გზას გადაუხვევთ - გადაუხვევთ და მაშინ არ იქნებით ევროკავშირის წევრი“, - თქვა პეტერ ფიშერმა.
"საარჩევნო კომპასი" არის რამდენიმე კვლევითი და არასამთავრობო ორგანიზაციის პროექტი, რომელიც გერმანული ფონდების და ამერიკული ორგანიზაციების მხარდაჭერით შეიქმნა. ესაა პლატფორმა, რომელიც ამომრჩეველს ეხმარება, იპოვოს თავის ინტერესებთან და შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომი პოლიტიკური პარტია. ამ პროექტის პრეზენტაციისას, გერმანიის ელჩი შეეხო საარჩევნო პროგრამების მნიშვნელობასაც და თქვა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მნიშვნელოვანია, პოლიტიკოსების მხრიდან მსჯელობა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იყოს - იქნება ეს ჯანდაცვის პოლიტიკა, ინფრასტრუქტურის განვითარება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკითხები, ემიგრაცია, განათლების პრობლემები თუ სულაც გლობალური დათბობა, რომელიც დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მტკივნეული თემაა.
"რასაც ჩვენ ვხედავთ, საუბარია ომსა და მშვიდობაზე ან კიდევ უარესი, კარგ ქართველებსა და უცხო ქვეყნის აგენტებზე - ეს არის მთავარი თემები და ეს არ არის ნორმალური. ასე შეუძლებელია სერიოზული არჩევანი გააკეთოს საქართველოს მოქალაქემ. დემოკრატია გულისხმობს დებატებს იდეებზე", - თქვა გერმანიის ელჩმა საქართველოში და დაამატა, რომ, სამწუხაროდ, პოპულისტური ნარატივები არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოს არაერთ ადგილას იმატებს.
ფორუმი